დებიუტანტი და ექს-ჩემპიონი - AUS OPEN-ის ქალთა ფინალში ბრეიდი და ოსაკა შეხვდებიან
Aa
Aa

დებიუტანტი და ექს-ჩემპიონი - AUS OPEN-ის ქალთა ფინალში ბრეიდი და ოსაკა შეხვდებიან

მელბურნში მიმდინარე წლის პირველ დიდი სლემის ტურნირ ავსტრალიის ღია პირველობაზე ქალთა თანრიგის ფინალური წყვილი გაირკვა. სატიტულო შეხვედრაში იაპონელი ნაომი ოსაკა და ამერიკელი ჯენიფერ ბრეიდი დაუპირისპირდებიან.

აზიელმა ნახევარფინალურ მატჩში ლეგენდარულ სერენა უილიამსს ორ სეტში - 6:3; 6:4 მოუგო და დიდი სლემის ტურნირების ფინალში მე-4-ედ ითამაშებს. იგი კონკრეტულად AUS OPEN-ის 2019 წლის ჩემპიონია.

ოსაკა თავიდან ბრეიკით ჩამორჩა, თუმცა ვითარება მალევე გამოასწორა და, ზოგადად, მთელი შეხვედრის განმავლობაში სოლიდურ სათამაშო უპირატესობას ფლობდა და დიდი სლემის ტურნირების 23-გზის ჩემპიონის დასამარცხებლად მხოლოდ 75 წუთი იმყოფინა.

ტრადიციულად, ძალიან ემოციურად მიიღო წაგება სერენამ, რომელიც შვილის დაბადების შემდეგ დიდი სლემის 24-ე ტიტულის მოგებას უშედეგოდ ცდილობს.

39 წლის ლეგენდამ პრესკონფერენციის ბოლომდე დასრულება ვერ შეძლო. ერთ-ერთი კითხვისას ემოციები მოეძალა, ცრემლები წამოუვიდა და პრესრუმი ბოდიშის მოხდით დატოვა.

დღის მეორე მატჩში ჯენიფერ ბრეიდიმ დიდი სლემის ტურნირების 1/2 ფინალური ეტაპის დებიუტანტ კაროლინა მუჩოვას რთულ ბრძოლაში აჯობა. 

ბრეიდიმ, რომელიც დიდი სლემის ტურნირების ამ ეტაპზე მეორედ თამაშობდა, პირველი და მესამე პარტია მოიგო, შუაში კი ცოტა ხნით ინიციატივას მისი ჩეხი მეტოქე ფლობდა, საბოლოოდ - 6:4; 3:6; 6:4.

25 წლის ამერიკელი დიდი სლემის ტურნირების ფინალში კარიერაში პირველად გავიდა და იქ მასზე ასაკით უმცროს, მაგრამ უკვე 3 მეიჯორის მომგებ ოსაკას შეხვდება.

ბრეიდისა და ოსაკას აქამდე ერთმანეთთან 3-ჯერ უთამაშიათ და იაპონელი 2:1-ს იგებს. ბოლო შეხვედრა სექტემბერში, US OPEN-ზე შედგა და ის ოსაკამ 7:6; 3:6; 6:3-ით დახურა.

AUS OPEN-ის წლევანდელი გათამაშების ქალთა თანრიგის ფინალური მატჩი შაბათს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები