„ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს
Aa
Aa

„ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს" - მამუკელაშვილის ისტორიული მატჩი

„სეტონ ჰოლის“ ქართველ კალათბურთელს, სანდრო მამუკელაშვილს გამორჩეული საღამო ჰქონდა. „მამუმ“ „დეპოლის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში 25 ქულა გაიფორმა და კარიერაში მე-1000 ქულა ჩააგდო.

მამუკელაშვილი „სეტონ ჰოლის“ ისტორიაში 45-ე კალათბურთელი გახდა, რომელმაც 1000-ქულიანი ნიშნული გადალახა. მატჩის შემდეგ, სანდრომ საკუთარ მიღწევაზე ისაუბრა და განაცხადა:

„მეათასე ქულის ჩაგდება ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. სეტონ ჰოლში მოსვლისას არ ვიცოდი ჩემი კარიერა როგორ განვითარდებოდა. 1000 ქულა კი აჩვენებს, თუ როგორ თავდაუზოგავად ვიმუშავე. მიზანს მივაღწიე და ნამდვილად საოცარი შეგრძნებაა. ჩვენ გვინდა, რომ სეტონ ჰოლის ისტორიაში ჩვენი კვალი დავტოვოთ და ეს მხოლოდ დასაწყისია. დარწმუნებული ვარ, 1000-ქულიან ნიშნულს მალე მაილს კეილიც გადალახავს.

მატჩს რაც შეეხება, არის საღამოები, როცა ჩემს თანაგუნდელებს ჩემი მხრებით თრევა უწევთ, დღეს კი გუნდის ლიდერი მე ვიყავი“.

„მამუს“ მიღწევის შესახებ „სეტონ ჰოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, კევინ უილიარდმაც ისაუბრა. „ვფიქრობ, იმის გათვალისწინებით, რომ პირველ კურსზე სათამაშო დრო თითქმის არ ეძლეოდა, ის ფაქტი, რომ 1000 ქულა მაინც ჩააგდო, ნამდვილად ფენომენალური რამაა. სანდრო პარკეტზე დიდ დროს არც მეორე კურსზე ატარებდა, მაგრამ ამის შემდეგ იგი შეუდარებელი იყო. შთამბეჭდავია ის, რაც მან ორი წლის განმავლობაში ქულების დაგროვების მხრივ გააკეთა“.

შეგახსენებთ, რომ „დეპოლის“ დამარცხებით „სეტონ ჰოლმა „მიმდინარე სეზონში მე-13, ხოლო Big East-ის კონფერენციაში მე-10 გამარჯვება მოიპოვა. „მეკობრეებს“ „მარტის სიგიჟეში“ მოხვედრის კარგი შანსი აქვთ და მომდევნო მატჩს „ჯორჯთაუნის“ წინააღმდეგ გამართავენ, რომელმაც 16 შეხვედრიდან მხოლოდ 6-ში იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები