Aa
Aa

გოგას არ უთამაშია - ინდიანამ მინესოტა ოვერტაიმში დაამარცხა

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ წარმატებულ სვლას დაუბრუნდა და დასავლეთ კონფერენციის აუტსაიდერი, „მინესოტა ტიმბერვულვზი“ დაამარცხა.

„პეისერსს“ გამარჯვების მოსაპოვებლად ოვერტაიმი დასჭირდა. „ინდიანამ“ მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 11 წამით ადრე საბონისის საჯარიმოებით ანგარიში გაათანაბრა და ბოლო შეტევა „მინესოტას“ დარჩა. „ტიმბერვულვზის“ ახალწვეულმა ენტონი ედუარდსმა 3-ქულიანი გაუშვა, რომელიც ფარმა არ მიიღო და ოვერტაიმი დაინიშნა. დამატებითი 5-წუთეული უკეთ გოგას თანაგუნდელებმა ჩაატარეს და საბოლოოდ 134-128 იმარჯვეს.

სამწუხაროდ, „ინდიანას“ მთავარ მწვრთნელს, ნეით ბიორკგრენს ბითაძისთვის სათამაშო დრო არ მიუცია და ქართველმა ცენტრმა მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. „პეისერსს“ კი ზემოთ ხსენებულმა საბონისმა ულიდერა, რომელმაც სამმაგი დუბლი გააკეთა და 36 ქულა, 17 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. საბონისი „ინდიანას“ ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც მატჩში მინიმუმ 30 ქულა, 15 მოხსნა და 10 ასისტი დააგროვა. ლიეტუველის გარდა მალკოლმ ბროგდონი გამოირჩა, რომელიც 32 ქულასა და 9 მოხსნას დასჯერდა. ჯერემი ლემბმა და აარონ ჰოლიდეიმ კი 18 და 15 ქულა დააგროვეს.

„მინესოტას“ მხრიდან 31 ქულით საუკეთესო მალიკ ბიზლი იყო. კარლ-ენტონი თაუნსმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 30 ქულა, 10 მოხსნა. რიკი რუბიომ 20 ქულა და 13 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, ხოლო ნაზ რიდმა მატჩი 18 ქულით დაასრულა.

ცნობისთვის, „ინდიანას“ 15 მოგება და 14 წაგება აქვს და მომდევნო მატჩი 21 თებერვალს, „ჰიუსტონ როქეთსის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები