Aa
Aa

მატჩის შემდეგ - პორტუ - იუვენტუსი

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური სტადიის სათამაშო მეორე დღეს "პორტუმ" "იუვენტუსს" უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან თავი ტარემიმ და მარეგამ გამოიჩინეს. პორტუგალიელები ორ ბურთიანი უპირატესობით იგებდნენ, თუმცა ფედერიკო კიეზამ 1 გოლის გაქვითვა შეძლო და ტურინელებს განმეორებითი მატჩისთვის საქმე გაუადვილა.

კიეზა ამ გატანილი გოლის შემდეგ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ტურინელთა მხრიდან თავი გამოიჩინა. აქამდე ეს ბლეზ მატუიდიმ გააკეთა მადრიდის "რეალთან". ფრანგი ნახევარმცველის შემდეგ "იუვენტუსისთვის" გოლები პლეი ოფში მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს გაქონდა. ეს ტრადიცია კი დღეს დაირღვა.

სერჟო კონსეისაოს გუნდმა კი ტურინის "იუვენტუსი" ისტორიაში პირველად დაამარცხა. ჯამში ეს გუნდები ერთმანეთს 5-ჯერ შეხვდნენ. 3-ჯერ ტურინელებმა გაიმარჯვეს, ერთხელ ფრედ დასრულდა, ხოლო დღეს პირველად "პორტუმ" მოიგო. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი კი სერჟიო ოლივეირა გახდა.

პირლო მატჩის შემდეგ

"ყოველთვის რთულია, როცა სწრაფ გოლს უშვებ. ამის შემდეგ რამდენიმე წუთით ფეხბურთელებმა კონცენტრაცია დაკარგეს და უყურადღებოდ თამაშობდნენ. წაგება ცუდია, მაგრამ კიეზას გატანილი გოლი ძალიან დაგვეხმარება. ახლა მომდევნო მატჩზე უნდა ვკონცენტრირდეთ.

ვფიქრობ, კარგად მოვემზადეთ, მაგრამ მატჩის მიმართ მიდგომა ისეთი არ იყო, როგორიც გვინდოდა. ყველაფერი ყოველთვის უფრო რთულდება, როდესაც სწრაფ გოლს უშვებ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უპირისპირდები ისეთ გუნდს, რომელსაც დაცვის ორი ეშელონი ჰყავს გამოყვანილი.

"პორტუ" ამ სტილით ჩემპიონთა ლიგაზე ხშირად თამაშობს, მაგრამ ასე თამაშის უფლება ჩვენ მივეცით. ისინი სივრცეებს გვიკეტავდნენ და სწრაფად ვეღარ ვთამაშობდით."

პეპე მატჩის შემდეგ

"იუვენტუსი" კარგად შევისწავლეთ. ვიცოდით, რომ განსაკუთრებული მონდომება დაგვჭირდებოდა. ამ ტიპის თამაშებში გოლის გაშვება, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ მთავარია, რომ გავიმარჯვეთ."

კონსეისაო მატჩის შემდეგ

"გოლი შემთხვევით არ გაგვიტანია. ჩვენმა წნეხმა შედეგი გამოიღო. ფეხბურთელებმა ჩემი დავალება შესანიშნავად შეასრულეს. ყველაფერი ორგანიზებულად გავაკეთეთ. ფეხბურთელებმა მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს და მე მათ ვულოცავ! ისინი ამ გამარჯვების შემოქმედები არიან.

მინდორზე თავს შესანიშნავად ვგრძნობდით და შეგვეძლო ანგარიში 3:0 დაგვეფიქსირებინა. ოლივეირას კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა სამწუხაროდ ვერ გამოიყენა. ჩემს გუნდს გოლის გაშვება არ დაუმსახურებია."

 შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი "იუვენტუსსა" და "პორტუს" შორის 10 მართს თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები