Aa
Aa

სევილია VS დორტმუნდი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირებები კარს მოგვადგა. ოთხშაბათს "სევილია" "დორტმუნდს" უმასპინძლებს.

გულშემატკივრებს მსგავსი დიდი მატჩების წინ, გუნდების მდგომარეობა, საინტერესო ფაქტები, დეტალები და გაკეთებული კომენტარები აინტერესებთ.

ჩვენც გთავაზობთ ყველა საინტერესო დეტალს, რომელთა ცოდნაც მატჩამდე თქვენთვის საინტერესო იქნება.

"დორტმუნდი"

ამ ძალზედ მნიშვნელოვანი თამაშის წინ გერმანული კლუბის ბანაკში მნიშვნელოვანი სიახლეა. "ბორუსიას" ზაფხულში ახალი მთავარი მწვრთნელი მარკო როზე ეყოლება. ეს კი რამდენად სასიამოვნო ინფორმაციაა კლუბის ამჟამინდელი თავკაცისთვის ედინ ტერზიჩისთვის თავად გადაწყვიტეთ.

"დორტმუნდი" ბოლო პერიოდში ბუნდესლიგაში არ ბრწყინავს. უკანასკნელი მატჩი შინ "ჰოფენჰაიმთან" გამართეს და 1 ქულის გადარჩენა მოახერხეს. გმირად კვლავ ერლინგ ჰოლანდი მოგვევლინა, რომელმაც მეტოქეს 81-ე წუთზე გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა.

ბუნდესლიგაში სიგნალ იდუნა პარკის ბინადრები მე-6 ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ "ბაიერნს" 16 ქულით ჩამორჩებიან. მათი მთავარი მიზანი დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა იქნება.

დანაკლისი

ტერზიჩს "სევილიასთან" ტრავმების გამო ძალზედ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დააკლდება. ვიტსელი, ბიურკი, პიშჩეკი, შმელცერი და ზაგადუ - ჩამოთვლილი მოთამაშეები ანდალუსიელებს ვერ შეუტევენ.

სტუმართა მთავარი იმედი, რა თქმა უნდა, ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 6 გატანილი გოლით იწონებს თავს.

რა თქვა ტერზიჩმა მატჩის წინ

"როდესაც საქმეები კარგად არ მიდის მთელი გუნდი ოჯახივით უნდა გაერთიანდეს. გამოცდილ ფეხბურთელებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ვიდრე 16-17 წლისებს. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ. ამისთვის კი ორი კარგი შეხვედრის ჩატარება გვჭირდება. პირველი ოთხშაბათს გვიწევს და მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ."

"სევილია" 

ანდალიზიურ კლუბში შესანიშნავი სიტუაციაა და "დორტმუნდთან" მატჩს ლოპეტეგის შეგირდები ბრწყინვალე განწყობით ხვდებიან.

ესპანურმა გუნდმა კოპა დელ რეის ნახევარფინალურ პირველ დაპირისპირებაში "ბარსელონას" 2:0 სძლია და ფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. გოლები კუნდემ და ივან რაკიტიჩმა გაიტანეს.

საქმეები ლა ლიგაშიც კარგად მისდით - "სევილია" 22 ტურის შემდეგ 45 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება. ანდალუზიელებმა ზედიზედ 9 შეხვედრა მოიგეს და ძალიან კარგ ფორმაში არიან. 

გუნდში კიდევ ერთი კარგი ამბავი არის - ხესუს ნავასი ვარჯიშს დაუბრუნდა და თუ ლოპეტეგი გადაწყვეტს "ბორუსიასთან" ითამაშებს კიდეც. გამოცდილი ესპანელი საკუთარი გუნდისთვის შეუცვლელი წევრია. მიმდინარე სეზონში ვეტერანმა 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

დანაკლისი

"სევილიას" მთავარი დანაკლისი ლუკას ო'კამპოსი გახლავთ, რომელმაც 7 თებერვალს ტერფის დაზიანება მიიღო და ამის გამო უკვე 2 მატჩი გამოტოვა. მეორე ტრავმირებული ფეხბურთელი კი მარკოს აკუნა გახლავთ. არგენტინელს მარცხენა ბარძაყის კუნთი აქვს დაჭიმული. ამ დაზიანების გამო მან 5 მატჩი გამოტოვა.

რა თქვა ლოპეტეგმა მატჩის წინ

"სასიხარულოა, რომ ხესუს ნავასი დაბრუნდა. მან გუნდთან ერთად ივარჯიშა და ჩემს განკარგულებაშია. ხვალ გადავწყვეტ ითამაშებს თუ არა. ტერზიჩი თავის გუნდს შემტევ და მრავალფეროვან ფეხბურთს ათამაშებს. ის არის მწვრთნელი, რომელიც საკუთარ ფეხბურთელებს კარგად იცნობს. ვფიქრობ, მას შესანიშნავი გუნდი ჰყავს.

ჯერჯერობით ეს სეზონის უმთავრესი მატჩია. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ვართ და ვუპირისპირდებით ისეთ გუნდს, რომელსაც ევროპის მასშტაბით საუკეთესო ტალანტის მქონე შეტევა ჰყავს."

ცნობისთვის, "სევილია" და "დორტმუნდი" ისტორიაში ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ. ორივე დაპირისპირება ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიმართა. ესპანელებმა გერმანიაში 1:0 გაიმარჯვეს, ხოლო მეორე შეხვედრა ანდალუზიაში ფრედ 2:2 დასრულდა. 

შეგახსენებთ, რომ ხსენებული დაპირისპირება 17 თებერვალს 00:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები