საოცარი სეივი მატჩის მიწურულს - მან. იუნაიტედს ქულები ექს-მეკარემ დააკარგვინა
Aa
Aa

საოცარი სეივი მატჩის მიწურულს - მან. იუნაიტედს ქულები ექს-მეკარემ დააკარგვინა

27 წლის სემ ჯონსტონმა, რომელიც ''მან. იუნაიტედის'' აღზრდილია, ''ვესტ. ბრომვიჩის'' რიგებში სულშერის გუნდთან შეხვედრაში 6 ''სეივი'' შეასრულა და თანაგუნდელებს ყოფილ გუნდთან მატჩში ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

სემ ელერდაისის ფეხბურთელები ჩემპიონობისთვის მებრძოლს სენეგალელი მბაიე დიანეს გოლით ამარცხებდნენ, თუმცა ''მან. იუნაიტედის'' ლიდერმა ბრუნო ფერნანდეშმა ანგარიში ძალიან ეფექტური დარტყმით გაათანაბრა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

სულშერის გუნდს ეს მატჩი რომ მოეგო, ლიდერ ''მან. სიტისთან'' სხვაობა 5 ქულამდე შემცირდებოდა, თუმცა მატჩის მიწურულს მაგუაირის დარტყმა ჯონსტონმა ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია.

''დიდმა სემმა'' ჯონსტონი შეაქო და აღნიშნა, რომ მან მატჩის მიწურულს ბრწყინვალე ''სეივი'' შეასრულა და გუნდი მარცხისგან იხსნა, თუმცა ელერდაისი ასევე აღიარებს, რომ მეორე ტაიმში მისი გუნდის შემტევები ძალიან არაპროდუქტიულები იყვნენ და უფრო აქტიურად თამაში მართებდათ.

სემ ჯონსტონმა, რომელიც ''წითელი ეშმაკების'' ფეხბურთელი იყო, ''ოლდ ტრაფორდი'' ისე დატოვა, რომ პირველი გუნდის რიგებში არ უთამაშია, თუმცა 2016 წელს ჟოზე მოურინიო აღიარებდა მის დიდ პოტენციალს: ''მას დიდი პოტენციალი აქვს. ძალიან მშრომელი და მონდომებულია. მოხარული ვიქნები თუ ''მან. იუნაიტედის'' მაისურით ვიხილავ. როცა მასთან ვმუშაობდი, ძალიან დიდი პროგრესი აჩვენა''.

მიუხედავად იმისა, რომ სემ ჯონსტონს მოურინიოს აზრითაც კი დიდი პოტენციალი ჰქონდა, პრემიერ ლიგაში სადებიუტო მატჩი მხოლოდ მიმდინარე სეზონში, 27 წლის ასაკში ჩაატარა. ინგლისელმა გასული ორი სეზონი ''ვესტ ბრომვიჩში'' გაატარა და მისი გუნდი ელიტაში აღზევებისთვის იბრძოდა. 2019-20 წლების სეზონი ''ვესტ ბრომვიჩისთვის'' წარმატებული გამოვიდა და გუნდი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა, ჯონსტონის ოცნება კი რეალობად იქცა და პრემიერ ლიგის გუნდის სასტარტო თერთმეტეულის შეუცვლელი წევრია.

ჯონსტონი 10 წლიდან ''მან. იუნაიტედის'' აკადემიაში იზრდებოდა და იმის გამო, რომ პირველ გუნდში თამაშის შანსი არ მისცეს, ''ოლდ ტრაფორდი'' დატოვა და კლუბიდან წასვლისას განაცხადა: ''ეს ძალიან სევდიანია დღე, ''მან. იუნაიტედში'' დიდი დრო გავატარე, ბევრი რამ ვისწავლე, აქ ახალგაზრდებს საუკეთესოდ ამზადებენ''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები