Aa
Aa

მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი - სეტონ ჰოლმა მარკეტი დაამარცხა

სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“ ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა და Big East-ის კონფერენციის წარმომადგენელ „მარკეტს“ სძლია. მატჩი საკმაოდ დაბალშედეგიანი გამოდგა და „მეკობრეებმა“ 57-51 მოიგეს.

მამუკელაშვილმა პარკეტზე 37 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლით გამოირჩა. სანდრომ 11 ქულა, 10 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. „მამუმ“ 12-დან 4 ბურთი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ქართველ კალათბურთელს 6 დაკარგვაც ჰქონდა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

მამუკელაშვილმა მიმდინარე სეზონში ორმაგი დუბლი მესამედ გაიფორმა, მისმა გუნდმა კი Big East-ის კონფერენციაში მე-9-ედ იმარჯვა და „მარტის სიგიჟეში“ მონაწილე გუნდებს შორის მოხვედრის შანსები გაიუმჯობესა.

ცნობისთვის, „სეტონ ჰოლს“ ბალანსი 12-8-ზე აქვს და მომდევნო დაპირისპირება „დეპოლის“ წინააღმდეგ ელის, რომელმაც 12-დან მხოლოდ 3 შეხვედრა მოიგო. მატჩი 18 თებერვალს გაიმართება და თბილისის დროით 05:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები