გულშემატკივრებმა ისკო ზიდანის უპატივცემულობაში დაადანაშაულეს
Aa
Aa

გულშემატკივრებმა ისკო ზიდანის უპატივცემულობაში დაადანაშაულეს

მადრიდის "რეალის" ესპანელ ნახევარმცველს ისკო ალარკონს პრობლემები აქვს. მიმდინარე სეზონში ზინედინ ზიდანი მას არ ენდობა და ძალიან ცოტა სათამაშო დრო აქვს.

სპორტული გამოცემა dailymail საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. "სამეფო კლუბი" უკანასკნელ ტურში "ხეტაფეს" დაუპირისპირდა. ფრანგმა სპეციალისტმა ისკო მინდორზე 76-ე წუთზე შეუშვა. ცვლილების განხორციელებამდე კი 28 წლის ნახევარმცველი დიდი ხნის განმავლობაში თმებს ისველებდა, ვარცხნილობის შერჩევაში დროს კარგავდა და ზიზუს ალოდინებდა.

ეს ყველაფერი dailymail-ს არ გამოჰპარვია და ეპიზოდი ფართოდ გააშუქა.

 

ამის შემდეგ მადრიდის "რეალის" გულშემატკივრები ალარკონზე გაბრაზდნენ და მას ზიდანის უპატივცემულობაში დასდეს ბრალი. "ბლანკოსის" ფანები ისკოს გუნდიდან წასვლას ითხოვენ. მათი სურვილია, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში მადრიდელთა 22-ე ნომერი ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 3-ჯერ მოხვდა. 8 ნოემბრის შემდეგ კი ესპანელმა მოედანზე მხოლოდ 126 წუთი გაატარა. მისი კონტრაქტი 2022 წლის ივნისში იწურება.

შეგახსენებთ, რომ ისკო მადრიდის "რეალს" 2013 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 322 შეხვედრა ჩაატარა და 51 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები