როცა ყოფილ გუნდს პოკერით ამწარებ და გერბს კოცნი - მაკნილის შთამბეჭდავი მატჩი
Aa
Aa

როცა ყოფილ გუნდს პოკერით ამწარებ და გერბს კოცნი - მაკნილის შთამბეჭდავი მატჩი

''მანჩესტერ იუნაიტედის'' 18-წლამდე გუნდის ფეხბურთელმა ჩარლი მაკნილმა ყოფილ გუნდთან, ''მანჩესტერ სიტისთან'' შეხვედრაში პოკერი შეასრულა და გოლი ''წითელი ეშმაკების'' გერბზე კოცნით აღნიშნა. ამ ფაქტს Dailymail-ი გამოეხმაურა და ფეხბურთელის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.


მაკნილი ბავშვობაში ''მან. იუნაიტედის'' ქომაგი იყო, ცხადია ახლაც ასეა, თუმცა 2014-წლამდე ''ქალაქელების'' საფეხბურთო აკადემიაში იზრდებოდა. როგორც Dailymail-ი წერს, ინგლისელმა ''მან. სიტის'' ასაკობრივი გუნდების მაისურით 600 გოლი გაიტანა, თუმცა 2014 წელს ფეხბურთელად ჩამოყალიბების გრძელვადიანი პროცესი იმ კლუბში გააგრძელა, სადაც თამაში მისი ყველაზე დიდი ოცნება იყო.

17 წლის მაკნილი ამპლუით ცენტრფორვარდია და ძალიან შედეგიან სეზონს ატარებს. მან მიმდინარე სეზონში ''წითელი ეშმაკების'' რიგებში 11 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი შეაგდო. აღსანიშნავია, რომ ინგლისის 16-წლამდე ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ბოლო ექვს შეხვედრაში 10 გოლი ჩაიწერა აქტივში, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

გასულ ზაფხულში მაკნილის მიმართ დიდი ინტერესი იყო, მისი გადაბირება ტურინის ''იუვენტუსსა'' და გერმანულ ''ლაიფციგს'' სურდათ. ფეხბურთელის საწყისი ფასი 750 000 ფუნტი სტერლინგი იყო, თუმცა ''წითელმა ეშმაკებმა'' აღნიშნული გუნდების მოგერიება მოახერხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები