ტენერიფეს ტეიდე - El Pais-ის საინტერესო სტატია გიორგი შერმადინზე
Aa
Aa

ტენერიფეს ტეიდე - El Pais-ის საინტერესო სტატია გიორგი შერმადინზე

ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ესპანურმა გაზეთმა, El Pais-მა „ტენერიფეს“ ქართველი კალათბურთელის, გიორგი შერმადინის შესახებ საკმაოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და „შერმინატორზე“ ვრცლად ისაუბრა.

***

„ტეიდეს (კუნძულ ტენერიფეზე მდებარე მთა, რომელიც მოქმედი ვულკანია) სიმაღლე 3718 მეტრი გახლავთ, რისი წყალობითაც ტენერიფე მსოფლიოში მეათე ყველაზე მაღალ კუნძულად ითვლება. ტეიდეს მსგავსად, 2.17 მეტრი სიმაღლის მქონე შერმადინმა საკალათბურთო კლუბი ტენერიფე ელიტაში, ოღონდ ლიგა ენდესას ელიტაში აიყვანა და თავისი გუნდი ესპანეთის თასის ნახევარფინალში კიდევ ერთხელ გაიყვანა.

ქართველი ცენტრი ტენერიფეს წარმატებული სვლის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახლავთ. მას ლიგა ენდესაში სარგებლიანობის კოეფიციენტის საუკეთესო საშუალო მაჩვენებელი აქვს - 23.3 და ამ შაბათს დუელს ტავარესის წინააღმდეგ გამართავს.

შერმადინი კალათბურთით გვიან დაინტერესდა, მაგრამ საკუთარი სიმაღლიდან გამომდინარე, 16 წლის ასაკში უკვე თბილისის მაკაბის რიგებში ასპარეზობდა. ნიჭიერი მაღალი კალათბურთელების სიმცირის გამო, იგი მალე ევროპული კლუბების ყურადღების ცენტრში მოექცა. 19 წლის ასაკში გიორგი ობრადოვიჩის პანათინაიკოსმა გადაიბირა და მასზე დიდი ავანსები იყო გაცემული. მან ბერძნულ კლუბთან ერთად ევროლიგა მოიგო, მაგრამ ზლატკოს სამხედრო რეჟიმისა და სათამაშო დროის სიმცირის გამო, კარიერის სხვა გუნდში გაგრძელება გადაწყვიტა. მისი მოგზაურება სწორედ აქ დაიწყო და მომდევნო 10 წლის განმავლობაში მან 10 გუნდი გამოიცვალა.

ათენის დატოვების შემდეგ, შერმადინმა უნიონ ოლიმპიას მიაშურა, შემდეგ კანტუში გადავიდა და პროგრესი სწორედ იტალიის ჩემპიონატში განიცადა. კანტუს შემდეგ თელ-ავივის მაკაბი იყო, სადაც გიო ისევ სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა, რასაც ოლიმპიაკოსში გადასვლა მოჰყვა. ბერძნულ გრანდთან ერთად, მან ევროლიგა მოიგო, მაგრამ კმაყოფილი არ ყოფილა: „ძლიერ გუნდებში სათადარიგოთა სკამის კალათბურთელი ვიყავი და ახლა მინდა, რომ საკვანძო მოთამაშე ვიყო და ლიდერის ფუნქციები შევითავსო. თუ წარმატებას მივაღწევ, შესაძლოა, რომელიმე დიად კლუბში დავბრუნდე“, - განაცხადა შერმადინმა სარაგოსაში გადასვლისას.

თანამემამულე ვიქტორ სანიკიძესთან ერთად, მან სარაგოსაში წარმატებას მიაღწია და 19-წლიანი პაუზის შემდეგ, გუნდი ესპანეთესის თასის ნახევარფინალში გაიყვანა, მაგრამ რეალთან ვერაფერი გაახერხა. ამის შემდეგ, ქართული დუეტი დაიშალა და შერმადინი ოლიმპიაკოსში დაბრუნდა, სადაც მორიგს იმედგაცრუებას შეეჩეხა. ბერძნული კლუბს ისევ კანტუ მოჰყვა და შემდეგ გიომ ლიგა ენდესას მიაშურა, ოღონდ ამჯერად მორაბანკ ანდორას რიგებში აღმოჩნდა. მისი და ალბისის დუეტმა და იმ ფაქტმა, რომ შერმადინი საკმაოდ პროდუქტიული გახლდათ, ქართველი კალათბურთელი მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდების ყურადღების ცენტრში მოაქცია.

შერმადინი უნიკახაში წავიდა და ჯერ ხოან პლასას, ხოლო შემდეგ ლუის კაზემიროს გაწვრთნილ გუნდში ითამაშა და ხალხისა და საკუთარი მოლოდინები ასე თუ ისე გაამართლა, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ გამოავლინა. „ის 2.17 მეტრი სიმაღლის მქონე კალათბურთელისთვის ნელი ნამდვილად არაა, მაგრამ ცდილობს, თანამედროვე კალათბურთის რიტმთან, უფრო აგრესიულ დაცვასთან, სისტემატურ გაცვლებთან, სწრაფ სროლებთან და დაცვაში ისე დაბრუნებასთან, რომ შეტევაში ბურთს არ შეეხოს, ადაპტაცია გაიაროს. ის პროგრესს განაგრძობს და ჩვენ მის უპირატესობებს, რომლებიც მას მრავლად აქვს, აუცილებლად გამოვიყენებთ“, - განაცხადა კაზემირომ. შერმადინმა მალაგაში სახლიც კი იყიდა, მაგრამ გეგმამ არ გაამართლა.

მომდევნო კლუბი ტენერიფე გახლდათ და შერმადინს სურს, რომ ეს მისი საბოლოო გაჩერება იყოს. „ამ გუნდმა ყველაფერი მომცა. აქ თავს მნიშვნელოვან კალათბურთელად ვგრძნობ და პარკეტზე სრული თავისუფლება მაქვს, რაც ძალიან მეხმარება. ტენერიფეს შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავს და ერთ-ერთი მათგანი მარსელინიო უერტასია, რომელიც ჩემთვის იდეალური ვარიანტია. გუნდის მთავარ მწვრთნელს ვუთხარი, რომ მინდა, ტენერიფე ჩემს საკალათბურთო კარიერაში ბოლო გაჩერება იყოს“, - განაცხადა შერმადინმა მაისში, როცა ტენერიფესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

მისი და მარსელინიო უერტასის დუეტმა ტენერიფე ლიგა ესპანეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად აქცია. მომდევნო გამოწვევა კი პროგრესის გაგრძელება და რეალთან ჯახია. „ტავარესისთვის მზად უნდა ვიყო“, - აღნიშნა შერმადინმა, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრთან ჯახს ელის", - წერს El Pais.

შეგახსენებთ, რომ შერმადინი მიმდინარე სეზონს შესანიშნავად ატარებს და იანვარში ლიგა ენდესას თვის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები