სუპერსანახაობა AUS OPEN-ის მე-3 წრეში - ტიმმა კირიოსს 0:2-დან მოუგო
Aa
Aa

სუპერსანახაობა AUS OPEN-ის მე-3 წრეში - ტიმმა კირიოსს 0:2-დან მოუგო

მელბურნში მიმდინარე ავსტრალიის ღია პირველობის მე-3 წრეში, დომინიკ ტიმმა და ნიკ კირიოსმა მაყურებელს ბრწყინვალე სანახაობა შესთავაზეს. 5-სეტიანი ბრძოლა 3 საათსა და 24 წუთს გაგრძელდა და ტიმის გამარჯვებით დასრულდა.

კირიოსმა თამაში სტაბილურად მაღალ დონეზე დაიწყო და პირველი ორი პარტია სათავისოდაც დაასრულა - 6:4; 6:4. თითქოს ფავორიტად შერაცხული მსოფლიოს მე-3 ჩოგანი ნელ-ნელა მარცხისთვის უნდა შემზადებულიყო, მაგრამ თავად აშკარად სხვა აზრზე გახლდათ.

დომინიკმა მე-3 სეტიდან სათამაშო უპირატესობა მოიპოვა, დარჩენილი ყველა პარტია 1 ბრეიკით მოიგო და შესანიშნავი "ქამბექის" ფონზე მე-4 რაუნდის საგზურიც დაისაკუთრა - 4:6; 4:6; 6:3; 6:4; 6:4.

"ნიკის წინააღმდეგ თამაში ამ კორტზე, რომელიც მისთვის ერთ-ერთი ყველაზე ფავორიტი ადგილია, ურთულესი რამ გახლავთ. როცა იგი მობილიზებულია, ძალიან ძლიერი მეტოქეა. 

დანებება გამოსავალი არასდროსაა, როცა მე-3 სეტის დაწყებამდე შესვენება ავიღე, გავაანალიზე, რომ შეხვედრის შემოტრიალების შანსი მქონდა, რამაც კორტზე დაბრუნების შემდეგ თავი უფრო კომფორტულად მაგრძნობინა", - აღნიშნა ტიმმა მატჩის შემდეგ.

ავსტრიელი მომდევნო წრეში ტურნირზე მე-18 ნომრად განთესილ გრიგორ დიმიტროვს შეხვდება. ბულგარელს პაბლო კარენო ბუსტას წინააღმდეგ დიდი ძალები არ დაუხარჯავს, რადგან ესპანელმა თამაში მე-2 სეტში შეწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები