Aa
Aa

ისტორიული აღიარება - მამუკელაშვილი 30 საუკეთესოს შორის

„სეტონ ჰოლის“ ქართველ მძიმე ფორვარდს, სანდრო მამუკელაშვილს 2021 წლის Naismith Trophy-ის მოგების შანსი აქვს. ეს ჯილდო ამერიკის კოლეჯთა ლიგის წლის საუკეთესო კალათბურთელს გადაეცემა და პირველად ისტორიაში რჩეულთა შორის ქართველი მოხვდა.

ორგანიზაცია The Atlanta Tipoff Club-მა, რომლის მიერაცაა ეს ჯილდო დაწესებული, შუა სეზონის 30 ნომინანტი დაასახელა და „მამუ“ ერთ-ერთი მათგანია. 2021 წლის ნეისმიტის თასის მფლობელის ვინაობა 4 აპრილს, საჩემპიონო თამაშამდე ერთი დღით ადრე გაირკვევა.

აღნიშნული ტიტული წარსულში ისეთ კალათბურთელებს აქვთ დასაკუთრებული, როგორებიც ლარი ბერდი, მაიკლ ჯორდანი, პატრიკ იუინგი, დევიდ რობინსონი, ტიმ დანკანი, კევინ დურანტი, ბლეიკ გრიფინი, კარიმ აბდულ-ჯაბარი, პიტ მარავიჩი და სხვები არიან. შარშან კი საუკეთესოდ ობი ტოპინი დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 17.9 ქულას აგროვებს და Big East-ის კონფერენციაში ტოპ 15 კალათბურთელს შორის როგორც ქულების, ისე მოხსნებისა და ასისტების მხრივ იმყოფება. ნეისმიტის თასთან ერთად, მას Big East-ის კონფერენციის წლის საუკეთესო კალათბურთელისა და კარლ მელოუნის სახელობის ჯილდოს მოგების შანსი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები