იური ლომაძე გათავისუფლებულია - ვიცე-ჩემპიონი შინაპატიმრობაში რჩება
Aa
Aa

იური ლომაძე გათავისუფლებულია - ვიცე-ჩემპიონი შინაპატიმრობაში რჩება

ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ვიცე ჩემპიონი ქართველი იური ლომაძე გათავისუფლებულია. ახალგაზრდა სპორტსმენმა საპატიმრო მის ძმასთან და 3 ბიძაშვილთან ერთად დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, იური ჯერჯერობით შინაპატიმრობაში რჩება და ვერცერთ სპორტულ ღონისძიებაში ვერ მიიღებს მონაწაილეობას.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში იური ლომაძე გატაცებისა და წამების ბრალდებით დააკავეს. მასთან ერთად მისი ძმა, ფეხბურთელი ლუკა ლომაძეც დააკავეს. ძმებმა ლომაძეებმა და კიდევ სამმა თანამზრახველმა დაზარალებული ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში, მიტოვებულ სახლში აწამეს. 

იურის გათავისუფლების თაობაზე 2020 წლის ნოემბერში საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს სპეციალური თხოვნით ქართველმა ჟურნალისტებმა მიმართეს. შესაბამის წერილს 70-მდე სპორტულმა ჟურნალისტმა მოაწერა ხელი.

როგორც მიხეილ აბაიშვილი ამბობს, იური ლომაძის მხარდასაჭერად ასეთი აქტივობა, ჟურნალისტების მხრიდან რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.

რამდენიმე ფაქტორია, რამაც გადაგვაწყვეტინა პრეზიდენტისადმი იური ლომაძის შეწყალების თხოვნით მიმართვა. პირველი ისაა, რომ ვინც იური ლომაძეს იცნობს, ყველა დაგვეთანხმება, რომ იგი ძალიან წესიერი, ზრდილობიანი, მიზანდასახული და კარგი ადამიანია. თვითონ ის ქმედება, რომელიც მან ჩაიდინა, შეიძლება იურიდიული საზომებით დასჯადია, მაგრამ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მორალური მხარე. იური ლომაძე იცავდა, ოჯახის წევრ მანდილოსნის ღირსებას. თუმცა, თავისი ემოციურობიდან გამომდინარე, ცოტა ზედმეტი მოუვიდა, რაც შემდეგ მოინანია კიდეც.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ ამ ქმედებას რეალური, თუნდაც რამე მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო მატერიალური ზიანი არავისთვის მიუყენებია და ესეც აუცილებლად გასათვალისწინებელია. მესამე და ასევე მხედველობაში მისაღები ფაქტორია, რომ საქართველო საუკუნეების განმავლობაში ყოველთვის გამოირჩეოდა ტოლერანტულობითა და შემწყნარებლობით. ასე რომ, იური ლომაძისთვის შანსის მიცემა და რეაბილიტირების უფლება, ჩემი აზრით, აუცილებელია.

მოდით, ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ ეს ბიჭი არის ძალიან პერსპექტიული მოჭიდავე, უკვე ევროპის ვიცე-ჩემპიონი, გამორჩეული საჭიდაო ტექნიკის მქონე და, მისი სახით, საქართველოს ძალიან კარგი სპორტსმენი ჰყავს, რომელსაც სამომავლოდ ჩვენი ქვეყნისთვის დიდი წარმატებების მოტანა შეუძლია.

ამას გარდა, ვიტყოდი, რომ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მხარდაჭერით, ბოლო ორი წელია ქვეყანაში მიმდინარეობს კამპანია “ძლიერები არ ძალადობენ” – სპორტი ბულინგის წინააღმდეგ, და ჩვენ ასოციაცა მზად ვართ, ამ ბიჭს არამხოლოდ თავდებში დავუდგეთ და ვთხოვოთ პრეზიდენტს მისი შეწყალება, არამედ იმისთვისაც, რომ იური ლომაძე ამ მოძრაობაში აქტიურად ჩავრთოთ და იგი გახდეს ამ კამპანიის ერთ-ერთი ელჩი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ჩვენს არგუმენტებს შეისმენს, საქმეს კარგად გაეცნობა და დაინახავს, რომ აუცილებელია ამ სპორტსმენის რეაბილიტაცია და საზოგადოებაში დაბრუნება", – განაცხადა აბაიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები