Aa
Aa

6 ქულა 100-პროცენტიანი შედეგით - ბითაძის ინდიანა მილუოკისთან განადგურდა

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ მიმდინარე რეგულარულში მე-10-ედ წააგო. გამთენიისას ნეით ბიორკგრენის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ფავორიტს, „მილუოკი ბაქსს“ დაუპირისპირდა და იანის ანტეტოკოუნმპო და კომპანიასთან 130-110 დამარცხდა.

„ბაქსმა“ მატჩის ბედი საწყის 3 მეოთხედში გადაწყვიტა. „მილუოკიმ“ პირველი ნახევარი 17 ქულით მოიგო, ხოლო მეოთხე მეოთხედს 34-ქულიანი უპირატესობით შეხვდა და საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია.

გოგა ბითაძემ 12 წუთი და 36 წამი ითამაშა და გუნდს 6 ქულა, 5 მოხსნა და 2 დაფარება შესძინა. ქართველმა ცენტრმა პარკეტიდან 100-პროცენტიანი შედეგით შეუტია და 3-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 2 მოხსნა კი მეტოქის ფარზე მიითვალა.

„ინდიანას“ რიგებში საუკეთესო დომანტას საბონისი იყო, რომელმაც მატჩი 33 ქულით, 12 მოხსნითა და 6 ასისტით დაასრულა. ჯასტინ ჰოლიდეიმ თავი 15 ქულს მოუყარა, ხოლო დაგ მაკდერმოტი და მალკოლმ ბროგდონი 13 და 12 ქულას დასჯერდნენ.

„მილუოკის“ 21 ქულით, 14 მოხსნითა და 10 შედეგიანი გადაცემით იანის ანტეტოკოუნმპომ ულიდერა. ბრინ ფორბსს 20 ქულა ჰქონდა, ბობი პორტისმა და დონტე დივინჩენცომ კი 18 და 16 ქულა ჩააგდეს.

შეგახსენებთ, რომ „ინდიანას“ 12 მოგება და 10 წაგება დაუგროვდა და მომდევნო მატჩი 6 თებერვალს ელის. „პეისერსი“ საკუთარ კედლებში ზაიონ უილიამსონის „ნიუ ორლეან პელიკანსს“ შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები