დიდი ფარსი და დაჩაგრული არსენალი - რა აზრი აქვს VAR-ის არსებობას?
Aa
Aa

დიდი ფარსი და დაჩაგრული არსენალი - რა აზრი აქვს VAR-ის არსებობას?

პრემიერლიგის 22-ე ტურში „არსენალი“ „ვულვზს“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა, თუმცა არტეტას გუნდს მატჩი არ უნდა წაეგო. „მეთოფეები“ იგებდნენ და ძალიან დამაჯერებლადაც გამოიყურებოდნენ, თუმცა მთავარი არბიტრისა და ვიდეო რეფერის დიდი შეცდომის გამო ლონდონელები უქულოდ დარჩნენ.

პირველი ტაიმის მიწურულს დავიდ ლუიზის გაძევების ეპიზოდს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გამოცემები ცალკე და ასევე გულშემატკივრებიც, სოციალურ ქსელებში მსაჯის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ.

Goal-ი ხსენებულ მომენტს გამოეხმაურა და VAR-ი მკაცრად გააკრიტიკა:

„ლუიზმა უკან ჩასვლა დროულად ვერ მოასწრო და სივრცე ვერ დაიცვა, თუმცა ვილიან ჟოზეს წაქცევას ის საერთოდ არ ცდილობდა. პირიქით, ჟოზემ სირბილის დროს ბრაზილიელს მუხლზე ფეხი თავად მოახვედრა და დაეცა.

კრეიგ პოუსონმა იმწამსვე პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა და ლუიზი გააძევა. იმ მომენტში გასაგები იყო, რომ დინამიკაში თერთმეტმეტრიანს ჰგავდა, მაგრამ სწორედ ამ დროს ვიდეო რეფერი უნდა ჩარეულიყო და ბარათი გაეუქმებინა.

აშკარა იყო, რომ ლუიზი ვილიან ჟოზეს წაქცევას არ ცდილობდა.

ყველაფერი რაც საჭირო გახლდათ - უბრალოდ ეპიზოდის განმეორებით ნახვა იყო, რომ მსაჯს დაენახა კონტაქტი - თუ საერთოდ შეგვიძლია ამას კონტაქტი ვუწოდოთ იყო მხოლოდ მაშინ, როცა ჟოზემ ფეხი უკან თავად გამოწია და ლუიზს მუხლზე გამოსდო.

წესებში ნათლად წერია: „ფეხბურთელი, რომელიც საგოლე მომენტის დროს შემთხვევით დაჯარიმდება, მიიღებს მხოლოდ გაფრთხილებას (ყვითელი). მაგრამ განზრახ დაჯარიმებისას, ის დაისჯება წითელი ბარათით“.

ლუიზის მოქმედებაში არაფერი ყოფილა გამიზნული. სადავოა ისიც იყო, თუ არა საერთოდ ჯარიმა. იმის გათვალისწინებით, რომ კონტაქტი ვილიან ჟოზეს ინიციატივით შედგა. შემდეგ კი ამისთვის ბრაზილიელის გაძევება და „არსენალის“ ორმაგად დასჯა უბრალოდ წარმოუდგენელი იყო.

ეს გადაწყვეტილება იყო VAR-ის დაცინვა და მასხრად აგდება. საერთოდ, რისთვის გამოიყენეს ის ეპიზოდში? ამან პირდაპირ გამოიწვია ის, რომ „არსენალს“ თამაში წააგებინეს, რომელიც დამაჯერებლად დაიწყეს და მოგებას აპირებდნენ.

საწყისი წუთებიდანვე არტეტას ბიჭები დომინირებდნენ და ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. გაძევების შემდეგ კი ამ მატჩის მოგება მხოლოდ ერთ გუნდს შეეძლო.

„არსენალს“ იმ მომენტისთვის მატჩი უკვე მოგებული უნდა ჰქონოდა, იმდენად დიდი იყო მათი უპირატესობა, მაგრამ ეს იმ ფარსს არ ამართლებს, რაც VAR-ის შესრულებით ტაიმის მიწურულს ვიხილეთ“.

ვიდეო რეფერის შესრულებით მსგავსი ტიპის შეცდომები და არამარტო მსგავსი, მიმდინარე და წინა სეზონშიც საკმაოდ ხშირად ვნახეთ. VAR-ი სწორედ იმისთვის იქნა შემოღებული, რომ რასაც მსაჯი ვერ დაინახავს, იგი მას უნდა დაეხმაროს და ეპიზოდი სამართლიანად განისაჯოს.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - ჯერჯერობით ვიდეო რეფერის გამოყენება სწორად არ ხდება. როცა ყველაფერი ნათელია და თეთრზე შავიაო ამბობ, აქ კითხვის ნიშნები ჩნდება... რა აზრი აქვს საერთოდ VAR-ის არსებობას, თუ მაინც ყველაფერს ის მსაჯი გადაწყვეტს, რომელმაც შეცდომა უკვე დაუშვა და თავის გადაწყვეტილებას მაინც არ ცვლის...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები