ფუტსალი - საქართველო რუსეთთან 0:4 დამარცხდა
Aa
Aa

ფუტსალი - საქართველო რუსეთთან 0:4 დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდა და 0:4 დამარცხდა.

ავთანდილ ასათიანმა ძირითად შემადგენლობაში 1 ქართველი და 4 ბრაზილიელი გაამწესა. კუპატაძე, რონინიო, თალესი, ბინიო და ჩაგინია. 

რუსებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და მე-4 წუთზე რომულომ ანგარიში გახსნა. ზუსტად 5 წუთში ბინიომ მოედნის ცენტრში მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, მეტოქეს ბურთი ჩააბარა და ნიაზოვმა ეფექტური დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა. ამის შემდეგ "ჯვაროსნები" გააქიურდნენ და პირველი ტაიმის დაკსვნით ნაწილში პრესინგი გაზარდეს. ქართველებმა მომენტებიც შექმნეს, თუმცა მოწინააღმდეგის მეკარე მოწოდების სიმაღლეზე იყო.

მეორე ნახევარში ასათიანის შეგირდები გააქტიურდნენ და სრულ უპირატესობას ფლობდნენ. ქართველებს რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა ხან მეკარემ აიღო, ხან კი ბურთი მიზანს ასცდა. ერთ-ერთი შეტევის დროს მასპინძლებს რუსების კონტრ-შეტევა გამოეპარათ და სამწუხაროდ სხვაობა სამამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ უპირატესობა ჩვენს ნაკრებს მაშინ ჰქონდა, როდესაც შემადგენლობაში ბრაზილიელების ნაცვლად ყველა ქართველი იყო. მესამე გოლიდან სულ მალე ნიაზოვმა საქართველოს დუბლი შეუსრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 1 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება. პირველ ტურში "ჯვაროსნები" პარიზში საფრანგეთს დაუპირისპირდნენ. მატჩი ფრედ 4:4 დასრულდა. ფრანგებს კი საკუთარი მეორე შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებიათ. ბურთების სხვაობის გამო ახლა ისინი მე-2 ადგილზე იმყოფებიან. ჯგუფს კი რუსეთი ლიდერობს ორიდან ორი გამარჯვებით.

სტატისტიკას რაც შეეხება "ჯვაროსნებმა" კარისკენ 16-ჯერ დაარტყეს და ზუსტი 12 აღმოჩნდა. ქართველებმა 13 კუთხური ჩააწოდეს. რუსებმა კარისკენ 16-ჯერ დაარტყეს, ზუსტი 11 აღმოჩნდა. კუთხური კი 5-ჯერ მოაწოდეს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფუტსალის ნაკრები ევროპულ რეიტინგში მე-2 პოზიციაზეა, ხოლო მსოფლიო რეიტინგში მე-5. რუსეთი ასევე მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონიც გახლავთ. მომდევნო მატჩს საქართველო 5 თებერვალს სომხეთის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები