Aa
Aa

9 წლის შემდეგ პირველად - სპორტინგმა საშინაო დერბიში ბენფიკა დაამარცხა

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის ეგიდით მორიგი დიდი ლისაბონური დერბი ჩატარდა. „ჟოზე ალვალადეზე“, ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა, „სპორტინგმა“ მე-3 ადგილოსანი „ბენფიკა“ მიიღო და დამატებულ წუთებზე გატანილი გოლით დაამარცხა.

92-ე წუთზე, მასპინძლებმა მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდეს, რასაც „არწივების“ მეკარისა და მცველების შეუთანხმებელი თამაში მოჰყვა. შედეგად, მატეუშ ნუნიესმა ახლო მანძილიდან თავით ზუსტად დაარტყა და „ლომებს“ დერბი 1:0 მოაგებინა.

რუბენ ამორიმის ახალგაზრდულმა გუნდმა პრობლემებით დამძიმებულ, მაგრამ მაინც „ბენფიკასთან“, სუპერპრინციპული გამარჯვება მოიპოვა და მას მთელი 9 ქულით გაუსწრო. სავარაუდოდ, „არწივები“ საჩემპიონო რბოლაში ვეღარ ჩაერთვებიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ „სპორტინგს“ „ბენფიკა“ ჩემპიონატის ეგიდით საკუთარ მოედანზე 2012 წლის შემდეგ არ ჰყავდა დამარცხებული.

„ლომებმა“ 16 ტურში 42 ქულა მოაგროვეს და უახლოეს მდევარ „პორტუს“ ისევ 4 ქულით ჯობნიან. თავის მხრივ, პორტუელებმა გუშინ „რიუ ავე“, ლუის დიასისა და ევანილსონის გოლებით - 2:0 დაამარცხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები