Aa
Aa

ტიტული დაიცვეს! - დანია მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია!

ეგვიპტეში გამართული მამაკაცთა ხელბურთის რიგით 27-ე მსოფლიო ჩემპიონატი დანიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. დანიელებმა სკანდინავიურ ფინალში შვედეთს 26:24 აჯობეს.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მიკელ ჰანსენი გახლდათ, რომელმაც შვედების კარში 7 გოლი გაიტანა, 5-ჯერ მეტოქე ნილსენმა დაამწუხრა, ჰოლმის აქტივში კი 4 გოლი იყო. აღსანიშნავია, რომ ჰანსენს ნაკრების მაისურით ჩატარებულ 219 მატჩში 1100-ზე მეტი გოლი მოუგროვდა.

ბრწყინვალე შეხვედრა ჰქონდა დანიელთა მეკარე ნიკლას ლანდინს. მან 15 სეივი შეასრულა და შვედების შემტევებს ნამდვილი კომპლექსი დამართა.

შედეგად, დანიის ნაკრებმა წინა მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ტიტული დაიცვა და საერთოდაც, პლანეტის საუკეთესოს წოდება სწორედ ამ ორჯერ აქვს მოგებული.

გუშინვე გაიმართა მე-3 ადგილისთვის შეხვედრა, რომელშიც ესპანეთის ნაკრებმა საფრანგეთს 35:29 მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. პირენეელებმა მუნდიალზე ბრინჯაო ისტორიაში მეორედ მოიპოვეს. ისინი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონებიც არიან.

ხელბურთის მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წელსაა ჩანიშნული და მას პოლონეთმა და შვედეთმა უნდა უმასპინძლონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები