ავთანდილ ასათიანი :
Aa
Aa

ავთანდილ ასათიანი : "საკუთარ მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ"

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩისთვის მზადებას აგრძელებს. 28 იანვარს ავთანდილ ასათიანის გუნდმა არასრული შემადგენლობით თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ივარჯიშა. ეროვნული ნაკრების ორი ლეგიონერი - ირაკლი თოდუა და ელისანდრო დედაქალაქში მიმდინარე კვირის ბოლოს ჩამოვლენ.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებს. უახლოესი მატჩის შესახებ კომენტარი ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და კაპიტანმა ზვიად კუპატაძემ გააკეთეს:

ავთანდილ ასათიანი: "რუსეთის წინააღმდეგ რთული თამაში გველის, თუმცა ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ყველა გუნდს აქვს მინუსები და ჩვენ სწორედ ისინი უნდა ვიპოვოთ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის თამაშში. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ საკუთარ მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ.სამწუხაროდ, საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში ვერ დაგვეხმარება სიმი საიოტი, რომელიც ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა და მძიმე ტრავმის გამო გამოგვაკლდა. ვეცდებით, რომ სიმი ღირსეულად შევცვალოთ."

ზვიად კუპატაძე: "გუნდში საბრძოლო განწყობაა, ვფიქრობთ, რომ მსოფლიოში არ არსებობს გუნდი, რომლის წინააღმდეგ ღირსეულად თამაში არ შეგვიძლია. რუსეთის ნაკრები არამხოლოდ ჩვენი ჯგუფის ფავორიტი, არამედ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია.​სამწუხაროდ, შეხვედრა მსოფლიოში არსებული ვითარების გამო, მაყურებლის გარეშე გაიმართება და გულშემატკივრების ემოცია ნამდვილად დაგვაკლდება. მიუხედავად ამისა ვთვლი, რომ საინტერესო მატჩს ვიხილავთ."

საქართველოსა და რუსეთის ფუტსალის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 2 თებერვალს, 18:00 საათზე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო, მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები