''ყველანაირი განვითარება შესაძლებელია'' - კვეკვესკირი მოლაპარაკებას ორ კლუბთან აწარმოებს
Aa
Aa

''ყველანაირი განვითარება შესაძლებელია'' - კვეკვესკირი მოლაპარაკებას ორ კლუბთან აწარმოებს

გასული წლის მიწურულს ''ტობოლიდან'' წამოსვლის შემდეგ ნიკა კვეკვესკირი თავისუფალი აგენტია, მისი ახალი კლუბი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი მოლაპარაკებას ორ კლუბთან აწარმოებს, ერთ-ერთი უნგრული ''ჰონვედია''. ამ თემაზე კრეატიულმა ნახევარმცველმა CrystalSport-თან ისაუბრა.

კვეკვესკირი: ''ჰონვედთან'' დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი კითხვის ნიშნებია, თუმცა უნგრული კლუბის გარდა მოლაპარაკებას კიდევ ერთ კლუბთან ვაწარმოებ. გადაწყვეტილი ჯერ არაფერია და ყველანაირი განვითარება შესაძლებელია''.

მაშინ როცა უნგრული ფეხბურთი აშკარად პროგრესირებს, რისი ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტი ''ფერენცვაროშის'' ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა, კვეკვესკირის უნგრეთის ჩემპიონატში ხილვა საინტერესო იქნება, თუმცა ''ჰონვედი'' ამ ეტაპზე შედეგიანი ასპარეზობით ვერ გამოირჩევა, 12-გუნდიან ლიგაში 18 ქულით მე-10 ადგილზეა და ელიტაში დარჩენისთვის იბრძვის, თუმცა 2019-20 წლების სეზონი მეხუთე პოზიციაზე დაასრულა.

შეგახსენებთ, მიმდინარე თვის პირველ ნახევარში ყაზახური Kstnews-ი იუწყებოდა, რომ კვეკვესკირის გადაბირებით პოლონური და თურქული კლუბები იყვნენ დაინტერესებულნი.

მიმდინარე თვეში ნიკა კვეკვესკირმა CrystalSport-თან ვრცელ ინტერვიუში აღნიშნა, რომ კარიერის ევროპაში გაგრძელების დიდი სურვილი აქვს და პრიორიტეტული ფინანსური მხარე არაა. ''ბოლო წლებში ევროპიდან ისეთი ვარიანტი არ მქონია, სადაც გადასვლა ღირდა. თუ სპორტული თვალსაზრისით და არა ფინანსური კუთხით, საინტერესო შემოთავაზება იქნება, დასავლეთ ევროპულ ჩემპიონატში ძალებს სიამოვნებით მოვსინჯავ.''

ნიკა კვეკვესკირს ქართული კლუბების გარდა აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ჩემპიონატებში უთამაშია. 2016-17 წლების სეზონში რომან გრიგორჩუკის ფორმაციის ''გაბალასთან'' ერთად ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. 2017 წელს ''გაბალა'' დატოვა და გასული წლის ბოლომდე ყაზახური ''ტობოლის'' მოთამაშე იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები