სამედიცინო შემოწმება გაიარა - ოდეგორი არსენალს შეუერთდება
Aa
Aa

სამედიცინო შემოწმება გაიარა - ოდეგორი არსენალს შეუერთდება

გავლენიანი სპორტული გამოცემა Sky Sports იუწყება, რომ მადრიდის "რეალის" შემტევმა ნახევარმცველმა მარტინ ოდეგორმა "არსენალში" სამედიცინო შემოწმება გაიარა და სულ მალე "მეთოფეებს" 6 თვიანი იჯარის წესით შეუერთდება. ოფიციალურად ეს ინფორმაცია მომავალ 24 საათში დადასტურდება.

მიკელ არტეტას გუნდში "სამეფო კლუბის" კიდევ ერთი ფეხბურთელი დანი სებალიოსი ასპარეზობს. მარტინის გუნდიდან წასვლის მიზეზი კი არასაკმარისი სათამაშო წუთები იყო. აღსანიშნავია, რომ ნორვეგიელმა "ბლანკოსიდან" წასვლა თვითონ მოითხოვა.

22 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში "რეალ სოსიედადის" რიგებში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და მადრიდში დაბრუნების მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო. ცნობისთვის, ზინედინ ზიდანს პირადად სურდა ნორვეგიელის "ბლანკოსში" ხილვა.

სეზონის დასაწყისში ოდეგორი ხშირად გვევლინებოდა "რეალის" ძირითად შემადგენლობაში, თუმცა შემდეგ ტრავმა მიიღო და ყველაფერი გართულდა. პრობლემები ტრავმის მოშუშების შემდეგ დაიწყო. მარტინი სრულ მზადყოფნაში იყო, მაგრამ ფრანგი თავკაცი მას აღარ ენდო და რეალურად ახალგაზრდა ნორვეგიელი ღრმა სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში მარტინ ოდეგორმა მადრიდის "რეალის" მაისური მხოლოდ 11-ჯერ მოირგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები