სად გადავა მესი? - ბუკმეიქერებმა ლეოს სხვა გუნდში გადასვლის შანსები შეაფასეს
Aa
Aa

სად გადავა მესი? - ბუკმეიქერებმა ლეოს სხვა გუნდში გადასვლის შანსები შეაფასეს

მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ "ბარსელონას" დატოვება უნდა. ამის მიზეზი კლუბის ყოფილ პრეზიდენტთან ხოსეპ ბართომეუსთან უთანხმოება იყო. საბოლოოდ არგენტინელი "ბლაუგრანაში" დარჩა, მაგრამ სპორტულ მედიაში მასზე ჭორები არ წყდება. 

მესის სხვადასხვა გუნდს უკავშირებენ. ყველაზე მეტად კი 6 ოქროს ბურთის მფლობელის სახელს პსჟ-ს და "მანჩესტერ სიტის" გარშემო ვიგებთ.

აქედან გამომდინარე, ბუკმეიქერებმა ლიონელის სხვა გუნდში გადასვლის შანსები შეაფასეს და ფსონები გამოაქვეყნეს. ყველაზე დაბალი კოეფიციენტი(4.50) კი პეპ გუარდიოლას გუნდს ერგო.

4.50 - "მანჩესტერ სიტი" - ლეო მესის კარიერული აღზევება პეპ გუარდიოლასთან მუშაობას უკავშირდება. ესპანელი სპეციალისტი ღიად აცხადებს, რომ "სიტიში" არგენტინელის ხილვა სურს. ახალი არავისთვის არის, რომ პეპმა "ბარსელონადან" წასვლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერც "ბაიერნში" მოახერხა და ამას ვერც "ქალაქელების" თავკაცის როლში ახერხებს.

გულშემატკივრები და საფეხბურთო ექსპერტები პეპის იმ წარმატებას, რომელსაც ბარსასთან ერთად მიაღწია, ხშირად მესის უკავშირებენ და გუარდიოლას წვლილს აკნინებენ. აღსანიშნავია, რომ მანჩესტერელებს ყოველთვის რაღაც 1 კონკრეტული აკლდებათ და თავისუფლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს რაღაც მესია. იმ შემთხვევაში თუ არგენტინელი შემტევი "ქალაქელებს" მიაშურებს, მაშინ "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის უპირობო ფავორიტი გახდება.

ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ლეოს და პეპს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ და "ბარსელონადან" წასვლის შემთხვევაში, შესაძლოა მესიმ სწორედ გუარდიოლაზე გააკეთოს არჩევანი. 

7.0 - "პარი სენ ჟერმენი" - ამჟამად პარიზულ გრანდს არგენტინელი მაურისიო პოჩეტინო წვრთნის. "დეზების" ყოფილი თავკაცი მესის კარგად იცნობს. პარიზში კი ნეიმარი ასპარეზობს. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, თუ როგორი ურთიერთგაგება ჰქონდათ მინდორზე მესის და ნეიმარს "ბარსელონაში" თამაშის პერიოდში. პოჩეტინომ ლეოზე კომენტარი გააკეთა: "ჩვენ მოხარულები ვიქნებით ისეთი ფეხბურთელის გადმოსვლით, როგორიც ლიონელ მესია. პსჟ საქმის კურსშია და თუ ლეო კლუბიდან წასვლას გადაწყვეტს ჩვენ მას აუცილებლად დავეკონტაქტებით."

ბუკმეიქერები სხვა გუნდებსაც ასახელებენ. ლიონელის "ინტერ მაიამიში" გადასვლა 15 კოეფიციენტად ფასობს. მილანის "ინტერში" კი 21. ყველაზე დიდი კოეფიციენტი კი "ნიუ-იორკ სიტის" მიენიჭა. ჯერჯერობით არავინ იცის რა გადაწყვეტილებას მიიღებს თავად ფეხბურთელი. გავრცელებული ინფორმაციით მესი არჩევანს მას შემდეგ გააკეთებს, რაც საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.

სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით იმასაც ვიგებთ, რომ არგენტინელ სუპერვარსკვლავს "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლუბის ლეგენდის ჩავი ერნანდესის ხილვა სურს. თავისმხრივ, არც ჩავია ამის წინააღმდეგი. ყველაფერს მომავალი ზაფხული გაარკვევს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები