რუსეთში ეგონათ, რომ დააპატიმრეს - კომიკური ვითარება დანიელ აგერის გარშემო
Aa
Aa

რუსეთში ეგონათ, რომ დააპატიმრეს - კომიკური ვითარება დანიელ აგერის გარშემო

რუსეთში "ლივერპულის" ყოფილ ფეხბურთელთან დანიელ აგერთან დაკავშირებით კომიკური სიტუაცია შეიქმნა. გამოცემა Sports.ru-მ საინტერესო და მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა. მათი თქმით, დანიის ნაკრებისა და "ლივერპულის" ყოფილი ცენტრალური მცველი დანიელ აგერი რუსეთში დააპატიმრეს. მას ბრალად ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობა ედება. საბოლოოდ გაირკვა, რომ ეს გაუგებრობა იყო. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

აგერის დაპატიმრების შესახებ გაზეთ "ნოვოის" ლევობერეჟნის ოლქის მუნიციპალიტეტის დეპუტატმა ვიქტორ გრეხოვმა აცნობა. გრეხოვის თქმით, მან დანიელი ფეხბურთელი მაშინ ნახა, როდესაც ლევობერეჟნის პოლიციის განყოფილებაში მივიდა. 

მოსკოვის საქალაქო სასამართლოს ოფიციალურ ვებ-საიტზე არის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აგერი ან ფულად ჯარიმას 20 000 რუბლის სახით გადაიხდის, ან 15 დღით მოუწევს ციხეში ჩაჯდომა. შესაძლოა დანიელს საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს შესრულებაც კი დაავალონ. მაგალითად, ქალაქის დასუფთავება და ა.შ.

მოცემული ინფორმაციის გარდა, Sports.ru იმასაც წერს, რომ შესაძლოა ხსენებული პიროვნება არ იყოს დანიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, რადგან დაპატიმრებისას მას არანაირი საბუთი არ გააჩნდა. თავი კი დანიელ აგერის სახელით გააცნო. ვიგებთ, რომ დაკავებულმა პირმა რუსულად საკმაოდ კარგად ისაუბრა.

ალექსეი მელინკოვი მოსკოვის საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიის აღმასრულებელი მდივანია, რომელმაც დანიელ აგერი განყოფილებაში ნახა. მისი თქმით, ხსენებული პრივოვნება ძალიან ჰგავს "ლივერპულის" ყოფილ ფეხბურთელს, თუმცა 100 %-ით ამაში დარწმუნებული არ არის. 

მოგვიანებით გულშემატკივრებმა ყველაფერი თავად ფეხბურთელისგან გაიგეს. ყოფილმა უკანახაზელმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე განათავსა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთში დაპატიმრებული პირი თვითონ არ არის.

"ცოტა გაუგებრობაა. მე არასდროს მითქვამს, რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთი დანიელ აგერია. ერთი რამ ახლა დანამდვილებით ვიცი. მოსკოვში ნახსენები პიროვნება მე არ ვარ. ახლა მე ესპანეთში ვიმყოფები და თავს მშვიდად და დაცულად ვგრძნობ."

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი ცნობილი რუსი ოპოზიციონერია, რომელიც რუსეთის მთავრობის და მისი პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდის. ამის გამო, იგი რამდენიმე თვის წინ მოწამლეს. მომხდარის შემდეგ ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს და ძლივს გადაარჩინეს. რუსეთში ჩამოსვლისთანავე ალექსეი აეროპორტში დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები