Aa
Aa

46 ქულა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - ლებრონმა კლივლენდთან გაიბრწყინა

ლოს-ანჯელეს „ლეიკერსის“ სუპერვარსკვლავმა, ლებრონ ჯეიმსმა მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. „მეფემ“ ყოფილი გუნდის, „კლივლენდ კავალიერსის“ წინააღმდეგ საუცხოოდ იასპარეზა და აქტივში 46 ქულა, 8 მოხსნა, 6 ასისტი, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება ჩაიწერა.

ლებრონი კობი ბრაიანტის შემდეგ, „ლეიკერსის“ ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელი გახდა, რომელმაც მინიმუმ 40 ქულა დააგროვა. ჯეიმსმა ეს 36 წლისა და 26 დღის ასაკში გააკეთა, „შავი მამბა“ კი 37 წლისა და 234 დღის იყო, როცა კარიერის ბოლო მატჩი ჩაატარა და 60 ქულით დაგვემშვიდობა.

„მეფემ“ პარკეტიდან 73 პროცენტით შეუტია და 7 სამქულიანი ჩააგდო. იგი NBA-ის ისტორიაში მესამე ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელია, რომელმაც მატჩი მინიმუმ 45 ქულით, 5 მოხსნითა და 5 ასისტით დაასრულა.

„ლეიკერსმა“ „კლივლენდი 115-108 დაამარცხა და ჯეიმსის შემდეგ, ყველაზე შედეგიანი ენტონი დევისი იყო, რომელიც 17 ქულით გამოირჩა. მონტრეზლ ჰარელმა 15 ქულა გაიფორმა, ხოლო კენტავიუს კალდუელ-პოუპი და დენის შროდერი 10-10 ქულას დასჯერდნენ.

შეგახსენებთ, რომ 18 მატჩის შემდეგ, „ლეიკერსს“ 14 მოგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში პირველია. ლოს-ანჯელესელები მომდევნო შეხვედრას 28 იანვარს გამართავენ და სტუმრად „ფილადელფიას“ გაეჯიბრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები