Aa
Aa

ემბიდი და იოკიჩი - NBA-მ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა

NBA-მ მიმდინარე რეგულარულის მეხუთე კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციიდან ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რჩეული „ფილადელფია სევენთი სიქსერსის“ ცენტრი, ჯოელ ემბიდი გახდა, ხოლო დასავლეთ კონფერენციაში „დენვერ ნაგეთსის“ ლიდერი, ნიკოლა იოკიჩი გამოარჩიეს.

სერბი კალათბურთელის ბრწყინვალე თამაშის წყალობით „დენვერმა“ სამივე შეხვედრა მოიგო და 2-ჯერ ოვერტაიმში „ფინიქს სანსს“, ერთხელ კი „ოკლაჰომა სითი თანდერს“ სძლია. „ჯოკერმა“ სამივე მატჩში ორმაგი დუბლი მიითვალა და საშუალოდ 29 ქულას, 14.7 მოხსნასა და 6.7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

იოკიჩის მსგავსად, საკუთარ გუნდს ემბიდმაც 3 მატჩი მოაგებინა და სამივე შეხვედრა მანაც ორმაგი დუბლით დაასრულა. „ბოსტონთან“ და „დეტროიტთან“ გამართულ დაპირისპირებებში ჯოელი შეუდარებელი იყო და საშუალოდ 37.7 ქულასა და 11.7 მოხსნას აკეთებდა, პარკეტიდან კი 61.1 პროცენტით უტევდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას NBA-მ „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ გამთამაშებელი, დემიენ ლილარდი და „ბრუკლინ ნეთსის“ სუპერვარსკვლავი, კევინ დურანტი გამოარჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები