Aa
Aa

მეორე მატჩი მიმდინარე სეზონში - ბითაძემ ტორონტოს 10 ქულა ჩაუგდო

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ მიმდინარე სეზონში მე-10 გამარჯვება მოიპოვა. გამთენიისას, ქართველი კალათბურთელის გუნდი საკუთარ კედლებში „ტორონტო რეპტორსს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს 129-114 სძლია.

გოგამ „ინდიანას“ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა. ბითაძემ ამ რეგულარულში მეორე შეხვედრა ჩაატარა და თავი 10 ქულას, 2 მოხსნასა და ამდენივე დაფარებას მოუყარა. 21 წლის ცენტრმა პარკეტზე თითქმის 12 წუთი გაატარა და 4-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. გოგამ 1 სამქულიანი გააფუჭა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და ბურთი არ დაუკარგავს. იხილეთ ბითაძის ყველა მომენტი ერთ ვიდეოში.

აღსანიშნავია, რომ „პეისერსმა“ მეორე ტაიმში ერთ-ერთი ლიდერის, დომანტას საბონისის გარეშე ითამაშა. ლიეტუველმა კალათბურთელმა მუხლი იტკინა და პარკეტის დატოვება მოუწია. ადრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით, პირველად ტესტს სტრუქტურული დაზიანება არ გამოუვლენია და უახლოეს საათებში საბონისს დამატებით კვლევებს ჩაუტარებენ, რომელთა შემდეგაც მისი ტრავმის სიმძიმე გაირკვევა.

ლიეტუველის გარეშე დარჩენილ „ინდიანას“ მალკოლმ ბროგდონმა ულიდერა. ამ უკანასკნელმა თავისთვის სარეკორდო, 36 ქულა ჩააგდო და 7 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. მაილს ტერნერმა ორმაგი დუბლი გაიფორმა და აქტივში 21 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა, სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა ჯერემი ლემბმა კი გუნდს 22 ქულა შესძინა.

ცნობისთვის, „ინდიანას“ 10 გამარჯვება და 7 მარცხი აქვს და მომდევნო შეხვედრა 28 იანვარს, „შარლოტ ჰორნეთსის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები