„ჯანმრთელია, მაგრამ...“ – ინდიანას გოგასთვის სათამაშო დროის მიცემისკენ მოუწოდებენ
Aa
Aa

„ჯანმრთელია, მაგრამ...“ – ინდიანას გოგასთვის სათამაშო დროის მიცემისკენ მოუწოდებენ

8points9seconds.com-მა „ინდიანა პეისერსის“ შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ავტორი აცხადებს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ნეით ბიორკგრენი სასტარტო ხუთეულის კალათბურთელებს ზედმეტად დიდ სათამაშო დროს აძლევს.

„ნეით ბიორკგრენმა ინდიანა პეისერსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე გატარებული პირველი თვის განმავლობაში სოლიდური სამუშაო გასწია, მაგრამ სათადარიგოთა სკამის კალათბურთელებს უფრო დიდი სათამაშო დრო უნდა მისცეს. ტრავმებისა და იმის ფონზე, რომ ახალგაზრდა მოთამაშეები განვითარების შანსს არ იღებენ, ინდიანა შესაძლოა, იმ გზას გაუყვეს, რომელიც გასულ წლებშიც აურჩევია.

გოგა ბითაძეს მიმდინარე სეზონში ნახტომი უნდა შეესრულებინა და პროგრესი განეცადა, მაგრამ იგი პარკეტზე იშვიათად გადის, რაც შესაძლებელს ხდის, რომ იგი დრაფტის პირველ რაუნდში არჩეულ პოტენციურ ე.წ bust-ად იქცეს. გოგა ჯანმრთელია, მაგრამ პეისერსი მას მაინც არ იყენებს. ედმონდ სამნერი და კასიუს სტენლი არიან ახალგაზრდები, რომლებსაც გუნდის დახმარება შეუძლიათ, მაგრამ სათამაშო დრო მათაც არ ეძლევათ.

რეგულარული ერთი თვეა დაწყებულია და ინდიანას ორი კალათბურთელი პარკეტზე გატარებული წუთების საშუალო რაოდენობით უკვე NBA-ის ტოპ 5-შია. საბონისი, რომელმაც გასულ სეზონში ტრავმა მიიღო, საშუალოდ 38.4 წუთს თამაშობს. მაღალი კალათბურთელისთვის, რომელმაც რთული ტრავმა გადაიტანა, ეს გრძელვადიან გათვლაში შესაძლოა, სერიოზულ პრობლემად იქცეს. თუ ის პარკეტზე ამდენი დროის გატარებას განაგრძობს, არის შანსი, მის სეზონს დიდი დარტყმა მიადგეს. იგივე ეხება მალკოლმ ბროგდონს. ეს უკანასკნელი საშუალოდ 36.8 წუთს თამაშობს და NBA-ში მესამეა. თუ ეს ტრენდი არ შეიცვალა, ინდიანა მომავალში შესაძლოა, სერიოზულ პრობლემებს გადააწყდეს.

ბუნებრივია, როტაციაზე ტი ჯეი უორენისა და კარის ლევერტის ტრავმებიც მოქმედებს, მაგრამ მათ დაბრუნებამდე წუთები სხვადასხვა კალათბურთელზე უნდა გადანაწილდეს, რათა მათ დაბრუნებას გუნდი ჯანმრთელობის პრობლემების გარეშე შეხვდეს“.

შეგახსენებთ, რომ ბითაძეს მიმდინარე რეგულარულში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული და „კლიპერსის“ წინააღმდეგ ითამაშა. გოგამ პარკეტზე 15 წუთი გაატარა, მაგრამ სათამაშო დროის უმეტესი ნაწილი მაშინ მიიღო, როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები