შეხვედრა დილის 9 საათზე და კონფლიქტი უფროსობასთან - ლამპარდის გაშვების დეტალები
Aa
Aa

შეხვედრა დილის 9 საათზე და კონფლიქტი უფროსობასთან - ლამპარდის გაშვების დეტალები

დღეს, ლონდონის „ჩელსიმ“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფრენკ ლამპარდი გაათავისუფლა. „არისტოკრატების“ გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და „ლურჯები“, როგორც კლუბის ქომაგებმა, ისე ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა გააკრიტიკეს.

„ჩელსის“ მიერ გაკეთებული არჩევანი ბრიტანულმა გამოცემებმაც დაიწუნეს და რამდენიმე მათგანმა მას შეცდომა უწოდა, Sun-მა კი „სუპერ ფრენკის“ გათავისუფლების დეტალები გაავრცელა.

როგორც ირკვევა, ინგლისელი სპეციალისტი „ჩელსის“ საწვრთნელ ბაზაზე წასასვლელად ემზადებოდა, როცა „ლურჯების“ ხელმძღვანელებისგან სატელეფონო ზარი მიიღო. ლამპარდი დილის 9 საათზე, „არისტოკრატების“ პრეზიდენტთან, ბრიუს ბაკთან და კლუბის დირექტორთან, მარინა გრანოვსკაიასთან შეხვედრაზე დაიბარეს. Sun-ის ცნობით, 30-წუთიანმა შეხვედრამ პრობლემების გარეშე ჩაიარა და ფრენკმა კლუბში მისვლამდე იცოდა, რომ პოსტის დატოვება მოუწევდა.

Sky Sports-ის ინფორმაციით, ლამპარდს სავარჯიშო ბაზაზე შესვლის უფლება არ მისცეს და მან კლუბი ისე დატოვა, რომ ფეხბურთელებთან გამომშვიდობება ვერ მოასწრო.

„ნისლიან ალბიონზე“ „სუპერ ფრენკის“ გაშვების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. იწერება „ჩელსის“ ბოლოდროინდელ წარუმატებლობაზე, „ლურჯების“ ხელმძღვანელთა უკმაყოფილებაზე და ა.შ, მაგრამ Athletic ირწმუნება, რომ ლამპარდის გათავისუფლების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი მარინა გრანოვსკაიასთან დაპირისპირება იყო.

ირკვევა, რომ პრობლემები 12 თვის წინ გაჩნდა, როცა ლამპარდმა სატრანსფერო ბაზარზე უმოქმედობის გამო, კლუბის მესვეურები საჯაროდ გააკრიტიკა. Athletic ყურადღებას კეპას საკითხზეც ამახვილებს და აცხადებს, რომ ლონდონელთა მმართველები ესპანელი კიპერის გარშემო განვითარებული მოვლენებით უკმაყოფილო იყვნენ.

გამოცემა იტყობინება, რომ გასულ ზაფხულს, ლამპარდს რუდიგერის გასხვისება და დეკლან რაისისა და ჯეიმს ტარკოვსკის გადაბირება სურდა, მაგრამ გრანოვსკაია სხვა აზრზე იყო და ტრანსფერების გაჩარხვა არ მოხერხდა, ამ ყველაფერს კი გასახდელში შექმნილი მდგომარეობა დაერთო. ლამპარდმა თავისი ფეხბურთელები საჯაროდ რამდენჯერმე გააკრიტიკა და ამან მოთამაშეებს „ტკივილი მიაყენა". ბრიტანული პრესის თანახმად, ლამპარდის ლონდონურ თავგადასავალს წერტილი „ლესტერთან“ განცდილმა მარცხმა დაუსვა და იმ შეხვედრის შემდეგ, ინგლისელის „სტემფორდ ბრიჯზე“ დარჩენა გამორიცხული იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები