რონალდინიო შოუბიზნესში წავიდა - 2 პოპულარული ვიდეო გაუჩოს მონაწილეობით
Aa
Aa

რონალდინიო შოუბიზნესში წავიდა - 2 პოპულარული ვიდეო გაუჩოს მონაწილეობით

2020 წელი რონალდინიოსთვის ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. ის და მისი ძმა პარაგვაის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს. 32 დღის შემდეგ „გაუჩო“ ციხიდან გამოუშვეს და შინაპატიმრობა მიესაჯა.

სასჯელის მოხდა მან ამ ფორმით განაგრძო, თუმცა მუხლის შეცვლა 1.6 მილიონი დოლარი დაუჯდა.

აგვისტოში რონალდინიოს დარჩენილი ვადა 200 ათასი დოლარის (ჯარიმის სახით) გადახდის შემდეგ მოხდილად ჩაუთვალეს. ბრაზილიელმა 6 თვის განმავლობაში თითქმის 2 მილიონი დოლარი დაკარგა. არადა პარაგვაიში ძმასთან ერთად ფინანსურად მომგებიანი ვიზიტი უნდა ჰქონოდა...

რონალდინიოს ფინანსურ შემოსავალზე უნდა ეზრუნა და მან ახალი პროექტის დაწყება გადაწყვიტა. „გაუჩო“ შოუბიზნესში წავიდა და ჯგუფ Tropa do Bruxo-სთან ერთად ახალი პროექტი დაიწყო.

იუთუბზე და ინსტაგრამზე განთავსებულ ვიდეოებში რონალდინიო ჯგუფის პროდიუსერად არის მოხსენიებული.

„ყოველთვის მომწონდა რეპი, ჰიპ-ჰოპი. ბოლო დროის განმავლობაში trap-მა პოპულარობა მოიპოვა, მას ახლა უფრო მეტი მიმდევარი ჰყავს. იგი ძალიან პოპულარულია ბრაზილიელ ახალგაზრდებში. ეს არის ჟანრი, რომელსაც ნაკლები წესები აქვს“. - ამბობს რონალდინიო.

ხსენებულ ჯგუფს უკვე აქვს 2 პოპულარული ვიდეო - „Oclin e Evoque", რომელსაც იუთუბზე 3 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ის 2020 წლის დეკემბერში გამოვიდა. და მეორე, „Rolê Aleatório“, რომელიც 2021 წლის იანვარში გამოქვეყნდა. მას უკვე 1 მილიონზე მეტი ნახვა მოუგროვდა.

სიმღერების შინაარსი ერთნაირია - გოგონები, წვეულებები და ალკოჰოლი.



რონალდინიომ მონაწილეობა ორივე კლიპში მიიღო - ის ცეკვავს, იღიმის, თუმცა სიტყვასაც არ ამბობს.

„მე მუსიკა მოტივაციას მმატებს და ასევე ის, თუ რამხელა გავლენას ახდენს იგი ხალხზე“, - ამბობს „გაუჩო“. როგორც ჩანს, ეს რონალდინიოსთვის ერთადერთი მოტივაცია არ არის. ყველა კადრში მას ხელში ჭიკა უჭირავს - ჯინი R One, რომელსაც ის რეკლამას უკეთებს.

ეს არის რონალდინიოს ახალი ბრენდი, რომლის შესახებაც მან Tropa Do Bruxo-ს ინსტაგრამ გვერდის საშუალებით ნოემბერში გამოაცხადა.

O Globo-ს ინფორმაციით, ჯგუფი გვპირდება, რომ 2021 წელს 8 ახალ ტრეკს გამოუშვებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები