ვაგნერის ახალი გამოწვევა და მნიშვნელოვანი მისია - ის უკრაინაში ითამაშებს
Aa
Aa

ვაგნერის ახალი გამოწვევა და მნიშვნელოვანი მისია - ის უკრაინაში ითამაშებს

ვაგნერ გონსალვეში, რომელიც გასულ წელს ბათუმის ''დინამოსთვის'' თამაშობდა, კარიერას უკრაინის პრემიერ ლიგის კლუბ ''დნიპრო 1''-ში გააგრძელებს. როგორც უკრაინული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს, ''დნიპრო 1''-მა წარმოშობით ბრაზილიელ ფეხბურთელთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა უკრაინულ გუნდში გადასვლამდე საფრანგეთის მოქალაქე ბათუმის ''დინამოს'' საკუთრება იყო. აქედან გამომდინარე, უკრაინული კლუბი საქართველოს ვიცე-ჩემპიონს გარკვეულ თანხას გადაუხდის, თუმცა ტრანსფერის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

Transfermarkt-ის მიხედვით ვაგნერი უკრაინულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რაც რთული წარმოსადგენია, რადგან ბათუმის ''დინამო'' გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშეს უფასოდ არ დათმობდა.

''დნიპრო 1''-ში ვაგნერ გონსალვეშის მთავარი მწვრთნელი ხორვატი იგორ იოვიჩევიჩი იქნება, რომელიც გასულ წელს ზაგრების ''დინამოს'' წვრთნიდა, საფეხბურთო კარიერის სტარტზე კი მადრიდის ''რეალის'' სარეზერვო გუნდში რაფაელ ბენიტესთან მუშაობდა და მისი თანაგუნდელები რაული და გუტი იყვნენ.

უკრაინის პრემიერ ლიგაში ''დნიპრო'' ბოლო ადგილზეა და ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ასე რომ ვაგნერი უკრაინულ კლუბს ელიტაში დარჩენაში უნდა დაეხმაროს. ასევე, მიმდინარე ზამთარში ''დნიპრო 1''-ს 27 წლის ქართველი მეკარე ზაურ მახარაძე შეუერთდა.

რაც შეეხება 24 წლის ვაგნერ გონსალვეშის განვლილ კარიერას, საქართველოში ჩამოსვლამდე საფრანგეთის ლიგა 1-ის ''ბასტიას'' მოთამაშე იყო, თუმცა ფრანგულ კლუბში ადგილი ვერ დაიმკვიდრა, რის შემდეგაც კარიერა ''საბურთალოში'' გააგრძელა. მან გარკვეული პერიოდი თბილისური კლუბიდან საიჯარო ხელშეკრულებით ბელგიურ ''სერკლ ბრიუგეში'' გაატარა, თუმცა მისი ბელგიური კარიერაც არ შედგა. 

ვაგნერი გიორგი ჭიაბრიშვილის ''საბურთალოსთან'' ერთად საქართველოს ჩემპიონი და თასის გამარჯვებული გახდა. გასულ სეზონში ბათუმის ''დინამოსთან'' ერთად კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები