თაღლითი კომპანია - რაშფორდი დაუცველ ბავშვებს კიდევ ერთხელ დაეხმარა
Aa
Aa

თაღლითი კომპანია - რაშფორდი დაუცველ ბავშვებს კიდევ ერთხელ დაეხმარა

ბრიტანეთში რიგით მესამე საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. სკოლები კვლავ დაიხურა. დაბალშემოსავლიან ოჯახებს ყოველ 10 დღეში ერთხელ 30 ფუნტიანი ვაუჩერის მიღება შეუძლიათ, თუმცა ზოგი მათგანი ამის ნაცვლად სასურსათო კალათებს (იგივე ღირებულების) იღებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით მარკუს რაშფორდმა ვრცლად ისაუბრა, მას დიდი დრო დაუთმო და უკვე საკმაოდ ღრმად არის გათვითცნობიერებული. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი ნანახით შეშფოთებულია და ამის შესახებ საზოგადოებას აცნობა.

ერთ-ერთმა დედამ, რომელმაც 30 ფუნტის ნაცვლად სასურსათო კალათი მიიღო შეამჩნია, რომ რაოდენობის მხრივ პროდუქტები გამოყოფილ თანხას არ შეესაბამებოდა და ის აშკარად ნაკლული იყო.

„რაც აქ არის, ამ ყველაფერს სუპერმარკეტში 5.52 ფუნტად შევიძენდი. კერძო კომპანიამ, რომელმაც ამ ვალდებულებას ხელი მოაწერა, აშკარად კარგი მოგება ნახა“. - განაცხადა ხსენებულმა ქალბატონმა.

ამ თემას მალევე გამოეხმაურა მარკუს რაშფორდი და შემდეგი დაწერა: „თუ, ოჯახებს აქვთ უფლება მიიღონ 30 ფუნტის ღირებულების საკვები, მაშინ რატომ არის მიღებული პროდუქტი 5 ფუნტის ღირებულების? ეს მიუღებელია“.

 

Chartwells-მა, რომელმაც ხსენებული ხელშეკრულება გააფორმა და სურსათის მიწოდებაზე პასუხისმგებელია, შეეცადა არსებული ვითარება აეხსნა:

„მადლობა, რომ ამ თემაზე ყურადღება გაამახვილეთ. ხსენებული კალათა არ ემთხვევა ჩვენი სურსათის კალათს. თუ შეგიძლიათ გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, რომელ სკოლაში დადის თქვენი შვილი და ჩვენ მას დაუყოვნებლივ გადავამოწმებთ“.

ამის შემდეგ მარკუს რაშფორდმა სხვა მსგავსი კალათების ფოტოების გაზიარება დაიწყო და აღმოჩნდა, რომ პრობლემა მასშტაბურია:

„3 დღის საკვები 1 ოჯახისთვის... ეს არასაკმარისია.

წარმოიდგინეთ, რომ ველით ბავშვები ისწავლიან სახლში. მშობლებზე აღარაფერს ვამბობ, რომლებსაც ხანდახან უწევთ ასწავლონ მათ. ალბათ, ისინი საერთოდ არ ჭამენ, რომ თავიანთი ბავშვების გამოკვება შეძლონ.

ჩვენ გვმართებს ვიყოთ უკეთესები. ეს 2021 წელია“.

 

„და კიდევ ერთი...“

 

შევადაროთ: მარცხნივ არის 30 ფუნტის ღირებულების პროდუქტები, ხოლო მარჯვნივ Chartwells-ის კალათი. „უკიდურესად სამარცხვინოა ნახო მოგება ქვეყნის ყველაზე ღარიბი ბავშვების ხარჯზე“. - ვკითხულობთ ერთ-ერთ პოსტში.

 

მარკუს რაშფორდის აქტიურობის შედეგად, საქმეში მთავრობა ჩაერთო. ბავშვთა დაცვის მინისტრმა ვიკი ფორმდა დაწერა, რომ - „სასწრაფოდ განვიხილავ ამ თემას“.

განცხადება განათლების სამინისტრომაც გააკეთა: „ჩვენ ამ საქმეს ვსწავლობთ. ჩვენ გვაქვს მკაფიო წესები კვების ამანათებთან დაკავშირებით და იმედი გვაქვს, რომ ამ წესებს ვიცავთ. ხსენებული შეფუთვა (კალათი) უნდა იყოს ნოყიერი და შეიცავდეს მრავალფეროვან საკვებს“.

რაშფორდმა სამშაბათს, Chartwells-თან საუბრის შემდეგ ინტერნეტსივრცეში მორიგი ფოტოები გაავრცელა, რომლებსაც ამაღელვებელი ტექსტი დაურთო: „დღეს თამაში მაქვს, მაგრამ ამ საუბრის შესახებ მინდა გითხრათ. ველოდები Chartwells-ისა და განათლების სამინისტროს დღევანდელი შეხვედრის შედეგებს“.

მარკუსმა თავისი შეხედულებებისა და შენიშვნების სია გამოაქვეყნა:

„ამჟამად უფასო სასკოლო კვება ითვლისწინებს ერთი ბავშვის 10-ჯერ გამოკვებას 2 კვირის განმავლობაში. პირველ რიგში ეს მაწუხებს. საკმარისია კი დღეში 1-ჯერ გამოკვება, თანაც ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ამ დაუცველი ბავშვებისთვის?

რამდენი დამოუკიდებელი ბიზნესი გვაქვს. რატომ არ შეგვიძლია მათი მობილიზება, რომ ხელი შევუწყოთ საკვების სამართლიანად განაწილებას? ან იქნებ მე გულუბრყვილო ვარ?

ერთი რამ ცხადია: მიმწოდებლებს სახელმწიფოსგან ძალიან მცირე ინფორმაცია მიეცათ ამჟამინდელი კარანტინის შესახებ. უკეთესად უნდა მოვიქცეთ. ბავშვებმა არ უნდა იშიმშილონ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ კომუნიკაციის პრობლემა გვაქვს, ან შესაბამის გეგმებს ვერ ვადგენთ. ეს დაუშვებელია“.

რაშფორდმა ოთხშაბათს ახალი პოსტი გამოაქვეყნა: „ესესაა ისინი პრემიერ მინისტრს ესაუბრნენ. მან დაარწმუნა ყველა, რომ სასურსათო მომარაგების პრობლემას მთლიანად გადაჭრის. მიმდინარეობს მომარაგების ჯაჭვის სრული ანალიზი“.

ფეხბურთელის ძალისხმევამ შედეგი ამჯერადაც გამოიღო. მსგავსი ქმედება მისგან უცხო ნამდვილად არ არის.

მან გასულ წელს ბრიტანეთის მასშტაბით 1.3 მილიონი ბავშვისთვის კამპანია ჩაატარა, რათა მათ უფასოდ მიეღოთ სასკოლო კვება ზაფხულის არდადეგებზეც.

რაშფორდის ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და მთავრობა აიძულა გადაწყვეტილება შეეცვალა.

მარკუსი დიდი ბრიტანეთის დედოფლის განკარგულებით გახდა სამეფოს საუკეთესო ორდენის (MBE) მფლობელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები