Aa
Aa

ისტორიაში მეოთხედ - ქუთაისელებმა ფინალში "ვერა" დაამარცხეს

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირის გამარჯვებული  საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010”  გახდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა ოლიმპიური ჩემპიონების მშობლიურ ქალაქ ქუთაისში თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ მოახერხა “ვერას” წინააღმდეგობის დაძლევა და დამაჯერებელი გამარჯვებით სასიქადულო ქართველი კალათბურთელების მემორიალური თასი მოიპოვა. 

ქუთაისელები, რომლებსაც აღნიშნული ტიტული ისტორიაში სამჯერ – 2016, 2017 და 2018 წლებში მიჯრით აქვთ მოგებული, ოლიმპიური ჩემპიონების თასს სამწლიანი პაუზის შემდეგ შესწვდნენ. არადა, ტრადიციის მიხედვით, მემორიალური ტურნირის ფინალური მატჩები ქუთაისში ტარდება და ამ ქალაქის ამბიციური გუნდი ბოლო წლებში სატიტულო მატჩში მონაწილეობას ვერ ახერხებდა.

გამარჯვებულთაგან 18 ქულით ბომბარდირი დეჟან რაითი გახდა, რომელმაც ასევე 10 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. 16 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი 11-დან 11-ივე საჯარიმოს ჩამგდებმა ჟოელ ალმეიდამ დააგროვა. 15 ქულა კაჰიმ რენსომმა მიითვალა, ხოლო 10-10 ქულა-მოხსნა ანგარიშზე აკაკი დვალიშვილმა ჩაიწერა. “ვერაში” 16 ქულით ბომბარდირი აარონ პარკსი გახდა, ჯოშუა ჰავლიმ შეხვედრა 14 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა.

პაატა გურასპაული - კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

კოტე ტუღუში - "ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი

მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც საუკეთესოები გამოარჩიეს. ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ქუთაიელთა ამერიკელი ლეგიონერი დეჟან რაითი, ხოლო ილია ლონდარიძემ ტურნირის საუკეთესო ფორვარდის პრიზი დაიმსახურა. პრიზიორები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა – ზვიად კოტრიკაძემ და ალეკო პეტრიაშვილმა დააჯილდოვეს. მემორლიალის საუკეთესო უკანახაზელი გახდა ვერელთა გამთამაშებელი – გივი ბაქრაძე. 

ოლიმპიური ჩემპიონების წლევანდელი გათამაშება მათი სახელობის თასის გადაცემით დასრულდა. საკანდელიძე-ქორქიას თასი ქუთაისელთა კაპიტან გიორგი ბარბაქაძეს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა გადასცეს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები