Aa
Aa

ჯეილენ ბრაუნის ისტორიული შედეგი - 33 ქულა 19 წუთსა და 14 წამში

„ბოსტონ სელტიქსის“ კალათბურთელმა, ჯეილენ ბრაუნმა NBA-ის ისტორიაში ახალი ფურცელი დაწერა. „კელტების“ ლიდერმა „კლივლენდ კავალიერსის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გაიბრწყინა, რომელიც მისმა გუნდმა 141-103 მოიგო.

ბრაუნი „ბოსტონის“ რიგებში საუკეთესო იყო და თავი 33 ქულას, 3 მოხსნას, 2 ჩაჭრასა და 1 ასისტს მოუყარა. ერთი შეხედვით მის სტატისტიკაში ისტორიული არაფერია, თუმცა საქმე ისაა, რომ ჯეილენმა პარკეტზე სულ რაღაც 19 წუთი და 14 წამი გაატარა. Elias sports bureau-ის მიხედვით, 24 წამის წესის შემოღების შემდეგ, ბრაუნმა 20 წუთზე ნაკლებ სათამაშო დროში ჩაგდებული ქულების რაოდენობით NBA-ის რეკორდი დაამყარა.

ჯეილენს 21 ქულით კემბა უოკერი წაეხმარა. დანიელ ტაისმა მატჩი 17 ქულით დაასრულა. მარკუს სმარტი 12 ქულას დასჯერდა, ხოლო სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა ედუარდსმა და ნესმიტმა 18 და 11 ქულა მიითვალეს.

„კლივლენდთან“ გამარჯვებით „ბოსტონმა“ 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. „სელტიქსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამეა და მომდევნო დაპირისპირება 26 იანვარს, „ჩიკაგო ბულსის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები