ზიდანის ძალიან უიღბლო კვირა: დაინფიცირდა და ბეტონი შეცვლის
Aa
Aa

ზიდანის ძალიან უიღბლო კვირა: დაინფიცირდა და ბეტონი შეცვლის

მადრიდის ''რეალის'' მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ''სამეფო კლუბმა'' ოფიციალურად დაადასტურა. მიმდინარე კვირა ფრანგი სპეციალისტისთვის ძალიან უიღბლოა. მისი გუნდი ესპანეთის სამეფო თასზე ''ალკოიანოსთან'' დამარცხდა, რასაც ინფიცირება მოჰყვა.

ლა ლიგის მე-20 ტურის მატჩს მადრიდული გრანდი სტუმრად ''ალავესის'' წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა 23 იანვარს ზიდანის გარეშე ჩაივლის, მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონს მისი ფრანგი ასისტენტი დავიდ ბეტონი შეცვლის.

ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მადრიდის ''ატლეტიკო'' პირველ ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ ''რეალს'' 7 ქულით უსწრებს. გარდა ამისა, სიმეონეს გუნდს ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული. ზიდანის გუნდი ''ბარსელონას'' მხოლოდ 3 ქულით უსწრებს. ასე რომ შემდეგი ტურის მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს.

გავლენიანმა ესპანელმა სპორტულმა ჟურნალისტმა გილემ ბალაგიმ ''სამეფო კლუბში'' ზინედინ ზიდანის მუშაობის შესახებ ისაუბრა. ბალაგის კომენტარს ესპანური AS-ი ავრცელებს.

''დავასახელებ ორ ფაქტორს, რაც ''რეალის'' ხელმძღვანელებს ზიდანის მუშაობის მიმართ უკმაყოფილების საფუძველს უჩენს. როცა ''რეალი'' მარცხდება ან პირველი ტაიმი სრულდება ან დამატებითი დრო ინიშნება, ზიდანს ''რეალის'' თამაშში სიახლე ვერ შეაქვს, მის მუშაობას არ ახლავს ინსტრუქცია, რომელიც მატჩის მიმდინარეობისას ''რეალის'' თამაშს შეცვლის და გუნდის ასპარეზობაზე დადებითად აისახება, რაც ''ალკოიანოსთან'' მატჩში კარგად გამოჩნდა.

მეორე ფაქტორი გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრირება და გამოყენებაა. როცა მაღალი კლასის ფეხბურთელებით თამაშობ, მოდრიჩის, კაზემიროს, კროოსისა თუ ბენზემას გარდა ახალგაზრდა მოთამაშეებს მეტი სათამაშო დრო უნდა მისცე და გამოიყენო. მაგალითად, ზიდანმა უარი თქვა ან მცირე სათამაშო დრო მისცა შემდეგ ფეხბურთელებს: აშრაფ ჰაკიმი, დანი სებალიოსი, ვინისიუს ჟუნიორი, ბრაჰიმ დიაზი, სერხიო რეგილონი, ლუკა იოვიჩი, მარტინ ოდეგაარდი. მათგან ზოგი წავიდა, ზოგს კი წასვლა უნდა''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები