ბაროში მშობლიურ სოფელში თამაშობს და გუნდელებს ლუდით უმასპინძლდება
Aa
Aa

ბაროში მშობლიურ სოფელში თამაშობს და გუნდელებს ლუდით უმასპინძლდება

2020 წლის ზაფხულში მილან ბაროშმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. მისი ბოლო კლუბი ოსტრავის „ბანიკი“ იყო.

ბაროშმა თქვა, რომ ფეხბურთში პროფესიონალურ დონეზე თავის თავს ვეღარ ხედავდა. 14 ივლისს, „სლოვანის“ წინაღმდეგ, ის 2 წუთით ცვლილებაზე შევიდა და მართლაც კარიერა ოფიციალურად დაასრულა.

„უკვე პენსიაზე ვარ, ალბათ ხელჯოხის ყიდვა დამჭირდება. ახლა ოჯახთან ერთად უფრო მეტ დროს გავატარებ. შევეცდები ნორმალურად ვიცხოვრო და ვნახო, თუ რამდენად მომენატრება ფეხბურთი. იქნებ შემდეგ რაღაც როლში მას დავუბრუნდე კიდეც“. - თქვა ბაროშმა თავისი ბოლო მატჩის შემდეგ.

მილან ბაროშმა ფეხბურთის გარეშე 1 თვე იცხოვრა, რის შემდეგაც მშობლიურ ქალაქ ვიგატნიცეში დაბრუნდა და ადგილობრივ გუნდში თამაში დაიწყო.

„ვიგატნიცე“ ჩეხეთის რანგით მე-6 ლიგაში თამაშობს და წლების წინ, ამ გუნდმა ბაროშს ფეხბურთისკენ გზა გაუკვალა.

მშობლიურ ქალაქში და მოედანზე დაბრუნების შემდეგ, ბაროში ცენტრფორვარდობიდან კრეატიულ მოთამაშედ იქცა. პირველივე შეხვედრაში მან 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა - მილანმა გამთამაშებლის როლი იდეალურად მოირგო.

„აქ სათამაშოდ და სიამოვნების მისაღებად მოვედი. არ მგონია, რომ ადრე ჩვენი გუნდის მატჩებზე ამდენი მაყურებელი მოსულიყო.

ჩვენ ამას ველოდით: ქომაგებმა ლუდი დალიეს, სოსისი შეჭამეს, ნახეს ჩვენი გამარჯვება და გაუხარდათ - სოფელში ხალხი ასე ცხოვრობს. სხვაგან გადასვლას არ ვაპირებ, აქ დავრჩები. ახალგაზრდა გუნდი გვყავს, ამას ჩემ გამოცდილებას დავამატებ“. - უთხრა ბაროშმა ადგილობრივ გაზეთს.

როგორც მინიმუმ ბაროშს გუნდის შენება კარგად ესმის - პირველი მატჩის შემდეგ, მან გუნდელებს ლუდი უყიდა. მერე რა? კრიერა უკვე დასრულებული აქვს და უკვე შეიძლება - თანაც, ეს ხომ ჩეხეთია.

მატჩისგან სიამოვნება მეტოქე გუნდმაც კი მიიღო.

„მიუხედავად იმისა, რომ 8 გოლი გავუშვი, ეს ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია“, - თქვა მეტოქე გუნდის მეკარემ. ყველა მატჩის შემდეგ, ნამდვილად არ გეძლევა შანსი, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯებულთან გაისაუბრო.

„ვიგატნიცეს“ ბაროშის თამაშის მიუხედავად ყველა მატჩის მოგების გარანტია მაინც არ აქვს. მაგალითად, მეზობელ „როზნოვთან“ (ადრე ბაროში იქაც თამაშობდა) 1:2 დამარცხდნენ, ბაროშმა კი პენალტი ვერ გამოიყენა. მილანი მონაწილეობას ყველა მატჩში არ იღებს. ის იქ გასართობად არის.

მიუხედავად ამისა, ასეთ გარემოში თამაში ნამდვილად ამაღელვებელია - სოფელ ვიგატნიცეში მხოლოდ 1000 ადამიანი ცხოვრობს, თუმცა როგორი ლამაზია იქაურობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები