შვილის მონატრების გამო შუა სეზონში დასრულებული კარიერა
Aa
Aa

შვილის მონატრების გამო შუა სეზონში დასრულებული კარიერა

გასულ უქმეებზე ბუნდესლიგაში „აინტრახტისა“ და „შალკეს“ მატჩი მხოლოდ ლუკა იოვიჩის დაბრუნებისა და შესრულებული დუბლის გამო როდი იყო გამორჩეული. ხსენებულ შეხვედრაში მასპინძელთა 34 წლის კაპიტანმა დავიდ აბრაჰამმა კარიერა დაასრულა. მან, ეს შუა სეზონში გააკეთა და ამას თავისი მიზეზი აქვს.

არგენტინელი ფეხბურთელი გერმანიაში 2013 წლიდან ასპარეზობს და ოჯახი ძალიან ენატრებოდა.

„გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ ყოფილა, თუმცა ჩემი ვაჟი ალფონსო უკვე 4.5 წლის არის და მას იმაზე იშვიათად ვხედავ, ვიდრე მინდა. ყველაფერი განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ გართულა. მინდა ვნახო როგორ იზრდება ჩემი შვილი. ეს არის ის, რისი ჩანაცვლებაც არ შეიძლება“. - ასე ახსნა აბრაჰამმა თავისი გადაწყვეტილება.

დავიდი ამბობს, რომ კარიერის დასრულება გასული სეზონის შემდეგ სურდა, თუმცა კორონავირუსის გამო კარიერა კიდევ 6 თვით გააგრძელა. პანემიის გამო გერმანიაში არგენტინიდან არავის უშვებდნენ.

„აინტრახტის“ ქომაგებმა, გუნდის ბოლო ვარჯიშისას აბრაჰამი ბანერებით გაამხნევეს, რომლებზეც ეწერა: „დიდებული არწივი, დიდებული მებრძოლი, დიდებული ადამიანი - მადლობა კაპიტანო!“.

„შალკესთან“ მატჩის შემდეგ, თანაგუნდელებმა აბრაჰამი ხელში აიტაცეს და ასე გააცილეს. თავად დავიდმა კი არგენტინის დროშა შემოიხვია და ემოციები ვერ შეიკავა.

მატჩის შემდეგ აბრაჰამმა მაისურის გაცვლა გადაწყვიტა, თუმცა ეს არ ყოფილა მეტოქე გუნდის რომელიმე მოთამაშე - არგენტინელმა თავისი მაისური მთავარ არბიტრს მანუელ გრიფეს გაუცვალა. რაც ნამდვილად ორიგინალური ჟესტი იყო. შემდეგ, მსაჯმა დავიდის მაისურთან ერთად ფოტოც გადაიღო.

აღსანიშნავია, რომ მანუელ გრეფემ აბრაჰამის მონაწილეობით 7 მატჩი იმსაჯა და მისთვის 1 ყვითელი ბარათიც არ მიუცია. ამ დროს დავიდი საკმაოდ ფეთქებადი ხასიათის მოთამაშეა. გასულ სეზონში მას „ფრაიბურგის“ მწვრთნელთან კრისტიან შტრაიხთან განზრახ შეჯახების (იდაყვი ჰკრა) გამო 6-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და 25 ათასი ევროთიც დააჯარიმეს.

აბრაჰამი „აინტრახტის“ ნამდვილი ლეგენდაა. მან კლუბში 5.5 წელი გაატარა, კლუბის მაისური 178 შეხვედრაში მოირგო და 2017-2018 წლების სეზონიდან კაპიტნის სამკლაურსაც ატარებდა - ეს იყო ორმხირივი სიყვარულისა და პატივისცემის ისტორია.

„ფრანკფურტში პირველად 2013 წელს ჩამოვედი. მაშინ „ჰოფენჰაიმში“ ვთამაშობდი. დავინახე, თუ როგორ უყვარდათ ქომაგებს თავიანთი გუნდი და გავიფიქრე, რომ ერთხელაც აქ თამაში კარგი იქნებოდა. 2.5 წლის შემდეგ „აინტრახტისგან“ შემოთავაზება მივიღე“. - იხსენებს აბრაჰამი.

აბრაჰამი გერმანიის თასის ორივე ფინალში გუნდის კაპიტანი გახლდათ. 21-ე საუკუნეში ამ ორი შემთხვევის გარდა „აინტრახტს“ ფინალი არ უთამაშია. სწორედ დავიდმა აღმართა 2018 წელს თასი, როდესაც მათ „ბაიერნი“ დაამარცხეს.

2 წლის წინ აბრაჰმმა და „აინტრახტმა“ ევროპა ლიგის ნახევარფინალამდე მისვლაც შეძლეს, ახლა კი დამშვიდობების დროა - დავიდს არგენტინაში შვილი ელოდება, რომელიც უზომოდ უყვარს. სოციალურ ქსელებში განთავსებულ ფოტოებზე ის საკუთარ ვაჟს მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს და კუმირს უწოდებს.

არგენტინაში დაბრუნების შემდეგ აბრაჰამი ფეხბურთის თამაშს გააგრძელებს. ის მშობლიური ჩაპასის „ატლეტიკო ურაკანის“ ღირსებას დაიცავს, სადაც მისი კარიერა დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები