ჰიბრიდული და დაუბალანსებელი - რატომ არ მუშაობს პირლოს 2 სქემიდან არცერთი
Aa Aa

ჰიბრიდული და დაუბალანსებელი - რატომ არ მუშაობს პირლოს 2 სქემიდან არცერთი

ტურინის „იუვენტუსში“ ანდრეა პირლოს მისვლის შემდეგ რაღაც ახალი უნდა დაწყებულიყო. ახალი ხედვა, ახალი ენერგია და განსხვავებული სტილი, თუმცა „ბებერი ქალბატონი“ 2020-2021 წლების სეზონს ძალიან არასტაბილურად ატარებს.

ალეგრისა და სარის ფორმაციის გუნდისგან პირლოს „იუვე“ ბევრით არაფრით არის განსხვავებული. ვგულისხმობ შემადგენლობებს. გუნდი, რომელმაც სერია ა მიჯრით 9-ჯერ მოიგო, დღეს ისეთივე უძლეველი ვეღარ არის როგორც ბოლო დეკადისას იყო, თუმცა ეს მხოლოდ პირლოს ბრალი როდია.

აუცილებად უნდა აღვნიშნო, რომ გამოუცდელ პირლოს გამოწურული და სერიოზულად გადასახალისებელი გუნდი ჩააბარეს, რომლის ძირითადმა ბირთვმა თავისი შესაძლებლობები დიდი ხნის წინ ამოწურა და ახალი სისხლი სჭირდება, რასაც დღევანდელ გუნდში არასაკმარისად ვხედავთ.

მოკლედ, პირლოს საკმაოდ მძიმე გუნდი დაახვედრეს, რომელსაც ჩამოშლის პროცესი უკვე წლებია დაწყებული აქვს.

დღეს უშუალოდ პირლოს ხედვაზე და სათამაშო სქემაზე მინდა ვისაუბრო. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით მის სამწვრთნელო საქმიანობას ვერ შევაფასებთ და დასკვნების გამოტანაც სრული უაზრობაა - პირლოს ყველაფერი წინ აქვს, ის მხოლოდ ახლა იწყებს.

მიუხედავად ყველაფრისა, ტურინელთა თამაშში რაღაცები გამოიკვეთა და გამოჩნდა, რომ პირლოს სქემით თამაშისას რამდენიმე ფეხბურთელის შესაძლებლობები იჩრდილება და მათ პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალება არ ეძლევათ.

დაკარგული დიბალა - პირლოს ჰიბრიდული 3-4-1-2 და დაუბალანსებელი 4-4-2

პირლო ძირითადად 2 სქემას იყენებს ხოლმე - 3-4-1-2 და 4-4-2. სეზონი გუნდმა 3 მცველიანი ტაქტიკით დაიწყო და რიგ მატჩებში „იუვე“ საკმაოდ კარგი იყო, თუმცა არასაკმარისად კარგი, რის შემდეგაც ტურინელები 4-4-2-ზე გადავიდნენ, რაც დიდად ეფექტური ვერ არის.

გუნდს შეტევაში პრობლემები აქვს და ისეთი მრისხანე ვერ არის, როგორიც უნდა იყოს. ამის ერთ-ერთი მიზეზი პაულო დიბალას ცუდი სათამაშო ფორმა და ზოგადად მისი არყოფნაა - პირლო მას ნაკლებად ენდობა.

რონალდუ დიბალას დუეტი ცუდია. რადგან კრიშტიანუს გვერდით ყურადღების გადამტანი ფორვარდი სჭირდება, როგორიც მორატა არის. არგენტინელს არ შეუძლია კლასიკური ფორვარდივით იმოქმედოს და შესაბამისი სამუშაო შეასრულოს.

დიბალა თავისუფალი მხატვარია - მისი საყვარელი პოზიცია ფორვარდ(ებ)ის უკან მოქმედებაა. ცენტრიდან და შიგადაშიგ მარჯვენა ფლანგიდანაც „ლა ხოია“ თამაშს ამწვავებს, მომენტებს ქმნის, ლამაზ ეპიზოდებს გვჩუქნის, თუმცა საამისოდ სწორი სათამაშო სქემა და მწვრთნელისგან ნდობა სჭირდება, მას კი პირლოს ხელში არცერთი აქვს.

უცნაურია, რომ პირლო 3-4-1-2-ით თამაშის დროს რონალდუ-მორატას უკან დიბალას არ ათამაშებს.

„ფეხბურთელებთან საუბარი ყოველთვის მნიშვნელოვანია. მე ფეხბურთელი ვიყავი და ვიცი ეს რასაც ნიშნავს. ყოველთვის უნდა იცოდე, თუ რას ფიქრობენ მოთამაშეები და რა სურთ მათ.

ჩემი იდეების სრულად რეალიზებისთვის ბუნებრივია დრო გვჭირდება. არ მსურს, რომ ვინმეს იდეების კოპირება მოვახდინო, მე საკუთარი ხედვა მაქვს, თუმცა რა თქმა უნდა, იმ გუნდებიდან, რომლებიც ჩემ შთაგონების წყაროს წარმოადგენენ რამეს ავიღებ.

ჩვენ 4 ცენტრალური ნახევარმცველი გვყავს, რომლებიც ჩემი აზრით 2 ნახევარმცველიან ტაქტიკაში ყველაზე კარგად გამოიყურებიან. სწორედ ამიტომ გამოვიყენე ეს სქემა (3-4-1-2)“. - ეს სიტყვები პირლოს ეკუთვნის, რომელიც მან სეზონის სტარტზე თავისი ერთ-ერთი პირველი პრესკონფერენციისას წარმოთქვა.

სწორედ მისი სიტყვებიდან გამომდინარე მოულოდნელი და უცნაურია, რომ 3-4-1-2-ით თამაშისას პირლო მაინც 3 ცენტრალურ ნახევარმცველს იყენებს და არა ორს, როგორც თავად ამბობდა. ეს კი გუნდის შემტევ პოტენციალს ასუსტებს.

პირლოს 3-4-1-2-მა ყველაზე კარგად "ბარსელონას" წინააღმდეგ იმუშავა და ის ასე გამოიყურებოდა

ამ სქემაში რემზის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელს უდიდესი როლი აკისრია. მთავარი „ფანტაზისტა“ სწორედ ის უნდა იყოს და ცენტრიდან ამწვავებდეს, უელსელი კი ასეთი მაგარი არასდროს ყოფილა. მის ნაცვლად დიბალას გამოყენება გაცილებით ეფექტური იქნება.

რაც შეეხება უკანა ხაზს, აქ პირლო ალეგრის ნაცად ხერხს იყენებს და 3 ცენტრალური მცველიდან ერთი ინდივიდუალისტი ჰყავს. „მედ მაქსს“ ასეთი ბარძალი ჰყავდა, დღეს კი დანილოს ვხედავთ.

ტურინელების სქემა შეტევებისას იცვლება. კუადრადო წინ თამამად მიდის, დანილო კი საჭიროების შემთხვევაში მარჯვენა ფლანგს აზღვევს, ხანდახან კი ცენტრში იწევს და შეტევას ეხმარება. ბრაზილიელი სწრაფია და ძლიერი დარტყმა აქვს, არც პასის კულტურა დაეწუნება. აქედან გამომდინარე, „ბებერი ქალბატონის“ 3-4-1-2 საჭიროებიდან გამომდინარე 4-4-2-ად იქცევა ხოლმე.

მოკლედ, ამ სქემას მოედნის ცენტრში „ფანტაზისტა“ აკლია, პირლო კი როგორც ჩანს ზედმეტად ფრთხილია და ჯერჯერობით გადაფიქრებას არ აპირებს.

კულუსევსკი, კიეზა და რემზი - არც დელ პიეროს ესმის...

რაც შეეხება 4-4-2-ს - ამ სქემას პირდაპ ეწირება დეიან კულუსევსკი, რომელიც ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერია.

პირლოს მეორე სქემა და შემადგენლობა ძირითადად ასეთია ხოლმე

კულუსევსკი როგორც წესი შეცვლაზე შემოდის და მარცხენა, ან მარჯვენა ფლანგზე დგება. ვინც ამ ფეხბურთელს იცნობს და „პარმაში“ მის მატჩებს თვალს ადევნებდა ეცოდინება, რომ 20 წლის შვედი შეხვედრების 90%-ს მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე ატარებდა. „პარმა“ კი ძირითადად 4-3-3-ით თამაშობდა.

აქედან გამომდინარე რთული მისახვედრი არ არის, რომ კულუსევსკი ჯერჯერობით თავის პოტენციალს სრულად ვერ გვიჩვენებს.

ამ სქემაში პოზიციის შეცვლა ფედერიკო კიეზასაც უწევს, რომელიც „ფიორენტინაში“ ხშირად მეორე ფორვარდად, ან გარემარბად თამაშობდა, თუმცა ის კულუსევსკისგან განსხვავებით მეტად უნივერსალი და ასე ვთქვათ „ამტანი“ მოთამაშეა, რის შედეგადაც პირლოს ტაქტიკას მაინც მოერგო და ნელ-ნელა გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც ყალიბდება.

ასეთი სქემით თამაშისას პირლოს თერთმეტეულში ხშირად მაინც 3 ცენტრალურ ნახევარმცველს ვხვდებით ხოლმე, რაც ნაკლებად ეფექტურია. მარცხენა ფლანგზე რემზის გამოყენება უცნაური და უშედეგოა.

„არ მესმის, თუ რატომ დააყენა პირლომ ფაბროტას წინ რემზი“, - თქვა დელ პიერომ „ინტერთან“ მატჩის შემდეგ, რომელიც „იუვემ“ 2:0 წააგო. როგორც ჩანს, უელსელის მარცხენა ნახევარმცველად გამოყენება „პინტურიჩიოსთვისაც“ გაუგებარია.

პრობლემები დაცვაში - დე ლიხტი კიელინის ვერ შეცვლის

ჩემი აზრით, პირლოს ფორმაციის „იუვენტუსი“ იმ შემადგენლობით რომლითაც დღეს არის, 3 ცენტრალური მცველით უნდა თამაშობდეს, ამის მიზეზი კი ჯორჯო კიელინი გახლავთ.

კიელინი უკვე ასაკშია. 36 წლის იტალიელი ისეთი ვეღარ არის, როგორიც წლების წინ. ჯორჯო სწრაფი, აგრესიული და ძალიან მოძრავი იყო. მის გვერდით მდგომ ბონუჩის ყოველთვის აზღვევდა. ის თავის სისწრაფესა და ხასიათს იდეალურად იყენებდა.

ზოგადად ცენტრალურ მცველთა დუეტი ზუსტად ისეთი ტიპის უნდა იყოს, როგორიც კიელინი-ბონუჩი იყო. ერთი მათგანი პოზიციური, ძირითადად მეორე სართულზე დამაჯერებლად მოთამაშე და ოდნავ ტლანქია. მეორე კი უფრო სწრაფი, მოძრავი და დამზღვევი.

როგორი არ უნდა იყოს ცენტრალურ მცველთა დუეტი, ამის ნათელი მაგალითი „ბარსელონაა“, რომელსაც პიკე-ლენგლე ჰყავს - ორივე ტანმაღალი, ტლანქი და პოზიციური ტიპის უკანახაზელია, რაც თანამედროვე ფეხბურთში წამგებიანი არჩევანია.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბონუჩი-დე ლიხტის დუეტი არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება, როცა გუნდი 4-4-2 სქემით თამაშობს. ნიდერლანდელს ის სისწრაფე არ აქვს, რაც კიელინის ჰქონდა და შეტევაში ჩართვისას უკან ჩასვლას ვერ ასწრებს ხოლმე.

დასკვნა - ჯერჯერობით პირლო ვერაფრით გვაკვირვებს

ფეხბურთელობისას ანდრეა პირლოს თამაშის ცქერა ერთი სიამოვნება იყო, თუმცა მის გუნდზე იგივეს ვერ ვიტყვით.

ჯერჯერობით პირლოსგან ალეგრის 3-4-1-2 და თავისი დაუბალანსებელი 4-4-2 ვნახეთ, რაც დიდად შედეგის მომტანი ვერ არის.

ტურინელთა ამჟამინდელი განაცხადი არც ისეთი სუსტია როგორც ბევრს ჰგონია. თუ, ყველა მოთამაშე მწყობრში იქნა, სწორად შერჩეული სათამაშო სქემის შემთხვევაში ამ გუნდს წარმატების მიღწევის შანსი ნამდვილად ექნება.

რონალდუს სახით გუნდს „მკვლელი მანქანა“ ჰყავს, რომელსაც ჯერჯერობით შესაბამისი „მძღოლი“ ვერ მოუძებნეს.

კრიშტიანუს შესაბამისად გამოყენება ვერც ალეგრიმ და სარიმ შეძლეს. ჯერჯერობით ეფექტური სვლა არც პირლოს განუხორციელებია, თუმცა მას დრო ნამდვილად აქვს და ნახევარი სეზონის მიხედვით მისი მუშაობის ზედმეტად კრიტიკულად შეფასება არასწორი მგონია.

გაზიარება: