Aa
Aa

გასვლის გუნდი - მილანმა თავისი ორი რეკორდი გაიმეორა

სერია A-ს ლიდერმა, „მილანმა“ ჩემპიონატის მე-18 ტურში, „კალიარის“ სტუმრად 2:0 მოუგო და ორი გამორჩეული მაჩვენებელი დააფიქსირა.

1994-95 წლებიდან მოყოლებული ანუ მას შემდეგ, რაც „ლეგა კალჩოში“ მოგება 3 ქულით ფასდება, „როსონერიმ“ ზედიზედ 16 გასვლითი შეხვედრა მხოლოდ მეორედ არ წააგო. გუნდს პირველად ანალოგიური სერია ჰქონდა 2003-04 წლების სეზონშიც, როცა საბოლოოდ „სკუდეტო“ მოიგო.

კიდევ ერთი რეკორდი გასვლით მატჩებში გატანილ გოლებს ეხება. „შავ-წითლებმა“ ჩემპიონატის სტუმრად გამართულ თამაშებში ზედიზედ მე-19-ედ გაიტანეს, რაც კლუბის ისტორიის ყველა დროის რეკორდის გამეორებაა. ანალოგიური შედეგი ფაბიო კაპელოს ფორმაციის „მილანს“ 1992-93 წლებში ჰქონდა.

მილანელებს ამ ორივე შედეგის გაუმჯობესების შანსი 29 იანვარს, „ბოლონიასთან“ მატჩისას მიეცემათ, იქამდე კი 23 რიცხვში თავიანთ არენაზე ბერგამოს „ატალანტას“ უნდა შეხვდნენ.

„როსონერიმ“ სარდინიაზე გამართული გუშინდელი მატჩი ზლატან იბრაჰიმოვიჩის დუბლით, 2:0 მოიგო და „ინტერთან“ 3-ქულიანი დისტანცია შეინარჩუნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები