ლამაზი მომენტი - თასი აღმართა ფეხბურთელმა, რომელიც მაისის შემდეგ სიმსივნეს ებრძვის
Aa
Aa

ლამაზი მომენტი - თასი აღმართა ფეხბურთელმა, რომელიც მაისის შემდეგ სიმსივნეს ებრძვის

ქალთა შორის ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებული მადრიდის „ატლეტიკო“ გახდა. „როხიბლანკომ“ ნახევარფინალში „ბარსელონას“ სძლია, ხოლო ფინალურ შეხვედრაში „ლევანტე“ 3-0 დაამარცხა.

გადამწყვეტი მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, მაგრამ ყველაზე ლამაზი მომენტი საფინალო სასტვენის შემდეგ ვიხილეთ. დაჯილდოების ცერემონიისას ტრიბუნებზე „ატლეტიკოს“ კაპიტანი, ამანდა სამპედრო მიიწვიეს, მის გვერდით კი არა „როხიბლანკოს“ მაისურში, არამედ ქურთუკში გამოწყობილი გოგონა იდგა.

ეს გოგონა მადრიდელთა ნახევარმცველი, ვირხინია ტორესილა გახლავთ. იგი საკუთარ გუნდს მძიმე დიაგნოზის გამო ვერ ეხმარება. 2020 წლის მაისში ტორესილას ოპერაცია ჩაუტარდა და მას თავის ტვინში არსებული სიმსივნე ამოუღეს, რომელიც კეთილთვისებიანი აღმოჩნდა. ესპანელი ფეხბურთელი ამჟამად ქიმიოთერაპიისა და რადიოთერაპიის კურსს გადის.

ვირხინიამ ფინალურ შეხვედრას თვალი საპრეზიდენტო ლოჟიდან ადევნა, სადაც დაჯილდოების ცერემონია გაიმართა და სამპედრომ დაიჟინა, რომ ვირჯინიას თასი მასთან ერთად აღემართა, შემდეგ კი ისინი მოედანზე გავიდნენ და ტიტული თანაგუნდელებთან ერთად აღნიშნეს.

მატჩის შემდეგ, „ატლეტიკოს“ კაპიტანმა განაცხადა, რომ სუპერთასის მოგების შემდეგ მისი გუნდის მთავარი მიზანი ტორესილას მხარდამხარ ასპარეზობაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები