''კვლავ შემიძლია ქართულ კლუბებს დავეხმარო'' - სანდრო კობახიძე წინადადებების მოლოდინშია
Aa
Aa

''კვლავ შემიძლია ქართულ კლუბებს დავეხმარო'' - სანდრო კობახიძე წინადადებების მოლოდინშია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-შემტევი სანდრო კობახიძე თავისუფალი აგენტია. 33 წლის მოთამაშეს კარიერის გაგრძელების დიდი სურვილი აქვს, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული წინადადება არ მიუღია. ამ თემაზე ფეხბურთელი CrystalSport-ს ესაუბრა.

სანდრო კობახიძე: ''კარიერის გაგრძელების დიდი სურვილი მაქვს. ასაკის მიუხედავად კვლავ შემიძლია ქართულ კლუბებს დავეხმარო. თუ რომელიმე გუნდის მხრიდან ინტერესი იქნება, წინადადების განხილვისთვის და თამაშისთვის მზად ვარ''.

გასული წლის მიწურულს მოთამაშემ თბილისის ''ლოკომოტივთან'' კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტია.

2008 წლიდან მოყოლებული ''დნიპროში,'' ''კრივბასში,'' კიევის ''არსენალში,'' ლუცკის ''ვოლინსა'' და ''ვორსკლაში'' უთამაშია. 2016-17 წლების სეზონში თურქულ ''გიოზთეფეს'' სუპერლიგაში აღზევებაში დაეხმარა, თუმცა თურქეთის ელიტარულ ლიგაში არ უთამაშია, უკრაინაში დაბრუნდა და ''ლოკოში'' გადასვლამდე ''ვორსკლასა'' და ''დნიპრო-1''-ის ღირსებას იცავდა.

კობახიძემ ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი 2006 წელს ურუგვაის წინააღმდეგ ჩაატარა, როცა მთავარი მწვრთნელი გერმანელი კლაუს ტოპმიოლერი იყო. 2006-17 წლებში სანდრო კობახიძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 35 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 3 გოლია, ამხანაგურ მატჩებში მოლდოვასა და ალბანეთს შეუგდო, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კი საფრანგეთს სტუმრად ''სტად დე ფრანსზე'' გაუტანა.

მასალაში გამოყენებულია gettyimages-ის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები