Aa
Aa

"შეუძლებელია, იუვენტუსმა ამაზე ცუდად ითამაშოს" - პირლომ ინტერთან მატჩი შეაფასა

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ „ინტერთან“ 0:2 წაგებული მატჩი პრესასთან შეაფასა. 41 წლის სპეციალისტის თქმით, მის გუნდს პირველივე წუთიდან შემართება და ვნება აკლდა.

„ეს ძალიან ცუდი წაგებაა, „იუვენტუსს“ ამაზე ცუდად თამაში უბრალოდ არ შეუძლია და მოულოდნელი იყო, რომ ეს ასეთ შეხვედრაში მოხდა. თუმცა, ახლა თავები უნდა ავწიოთ და ოთხშაბათს „ნაპოლისთან“ გასამართი სუპერ თასის მატჩისთვის მოვემზადოთ.

დასაწყისიდანვე თამაშისადმი ცუდი მიდგომა გვქონდა და როცა შენ არ გაქვს საკმარისი შემართება, რომ ორთაბრძოლები მოიგო, ყველაფერი გაცილებით რთული ხდება. ჩვენ მოედანზე არ შევსულვართ, იქ დროებით ვიყავით და „ინტერის“ შეტევების გვეშინოდა, რის გამოც მხოლოდ თავდაცვაზე ვიყავით ორიენტირებული და აგრესიულად ვერც ამას ვაკეთებდით. მეტოქეს მივეცით უფლება ინიციატივა გამოეჩინა და ამით ისინი დამანგრეველები გახდნენ.

ძალიან ნელა ვათამაშებდით პასებს და რაც მთავარია, გადაცემები მხოლოდ მცველებს შორის კეთდებოდა, უკეთეს შემთხვევაში, ხანდახან ნახევარმცველებს შორის. გვსურდა შეგვექმნა სიტუაცია, როცა ფედერიკო კიეზა კაცს გაიყვანდა ან აარონ რემზის ხაზებს შორის გადაადგილება შეეძლებოდა. ასე არც ერთი არ მოხდა, რადგან ძალიან ნელა ვმოძრაობდით და „ინტერის“ ფეხბურთელებს ერთხელაც ვერ ვაიძულეთ, პოზიციები დაეტოვებინათ. ძალიან პროგნოზირებული მოქმედებები გვქონდა.

ასეთ დროს პირველადი დამნაშავე მწვრთნელია, რადგან თუკი გუნდმა ის ვერ გააკეთა, რაც დაგეგმილი იყო, ესე იგი, მან ფეხბურთელებს დავალებები სათანადოდ ვერ გააგებინა“.

„ინტერმა“ „იუვენტუსს“ ვიდალისა და ბარელას გოლებით აჯობა. 2010 წლის შემდეგ პირველად მოხდა, როცა „ნერაძურიმ“ „ბიანკონერის“ სერია A-ს მატჩი გოლის გაუშვებლად მოუგო.

გუშინდელი გამარჯვებით ანტონიო კონტეს გუნდმა 40 ქულა მოაგროვა და ჩემპიონატის ლიდერ „მილანს“ გაუთანაბრდა. „იუვეს“ კი 33 ქულა აქვს და მე-5 ადგილამდე დაეშვა. ტურინელები სუპერ თასის შემდეგ „ბოლონიას“ საკუთარ არენაზე შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები