რონალდო:
Aa
Aa

რონალდო: "კრიშტიანუ ყველასგან განსხვავდება"

ბრაზილიელმა ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდომ იტალიურ მედიასთან კრიშტიანუ რონალდუზე, ანდრეა პირლოზე და მოახლოებულ "ინტერი" - "იუვენტუსის" დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"ანტონიო კონტეს და მის ტაქტიკას არასდროს ვაკრიტიკებ. ხალხს არ მოსწონს მისი ცვლილებები, მაგრამ შორიდან საუბარი ადვილია. კრიტიკა მწვრთნელების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამას შეჩვეულები არიან. იგივე სიტუაციას ვხვდებით ანდრეა პირლოსთან დაკავიშრებით. ხალხი ამბობს, რომ მას გამოცდილება არ აქვს და "იუვენტუსისთვის" შეუფერებელია.

პირლოს მინდორზე ვუყურებდი. მას უდიდესი ინტელექტი აქვს. ის არასდროს თამაშობს მარტივ ფეხბურთს და გუნდი მას უნდა ენდოს. ანდრეას დრო ჭირდება და თუ კლუბმა მასთან მუშაობა გადაწყვიტა აუცილებლად უნდა აცადონ. ძირეული ცვლილებები 1 დღეში არ ხდება.

"ინტერისა" და "იუვენტუსის" დაპირისპირება სკუდეტოსთვის ბრძოლაში გადამწყვეტი არ იქნება. გამარჯვება ორივე გუნდისთვის სასიამოვნო და კარგი იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს "მილანი", რომელიც ახლა პირველ ადგილზეა. მათ საოცრად გამაკვირვეს. "როსონერი" კარგ ფეხბურთს თამაშობს.

იბრაჰიმოვიჩი უნიკალური ფეხბურთელია. შვედი ჩემზე მუდამ ამბობდა, რომ მე მისი კუმირი ვიყავი, ეს კი ძალიან სასიამოვნოა. ვფიქრობ ასეთ ასაკში ამ დონეზე თამაში ყველას არ შეუძლია. ტრავმები, რომ არ მქონოდა ალბათ მაინც ვერ ვითამაშებდი 40 წლამდე.

კრიშტიანუ რონალდუ შორს არ არის ამ ასაკიდან და არ ვიცი 40 წლამდე ითამაშებს თუ არა. პორტუგალიელი ყველასგან განსხვავდება, ვინც კი მე მადრიდში მინახავს. მან იცის, როგორ უნდა წარმართოს საკუთარი მომავალი. "სასუოლოსთან" მთელი მატჩის განმავლობაში ჩრდილში იყო, მაგრამ მას 1 წამში შეუძლია ისეთი რამ გააკეთოს, რომ მატჩი მოიგოს.

"ინტერს" ბრწყინვალე მწვრთნელი ჰყავს. "ნერაძური" ევრო ტურნირებზე არ თამაშობს. ეს კარგი არ არის, მაგრამ მარტის თვე საკმაოდ დატვირთული იქნება სხვა კლუბებისთვის და არ გამოვრიცხავ კონტეს გუნდმა უფრო მეტი ქულა დააგროვოს ვიდრე სხვებმა.

"ინტერმა" ჰაკიმის სახით ძალიან ძლიერი ფეხბურთელი შეიძინა. ის უნივერსალია და ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება შეუძლია. ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ გაყიდა "რეალმა" ის. ვფიქრობ ეს უდიდესი შეცდომა იყო." - განაცხადა რონალდომ

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ბრაზილიელი სხვადასხვა დროს "მილანში" "ინტერში" "ბარსელონაში" და მადრიდის "რეალში" თამაშობდა. "ბიანკონერისა" და "ნერაძურის" მატჩი 17 იანვარს თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები