ვან გინკელის 32-თვიანი კოშმარი დასრულდა - სამი ოპერაცია და მენტალური ბრძოლა
Aa
Aa

ვან გინკელის 32-თვიანი კოშმარი დასრულდა - სამი ოპერაცია და მენტალური ბრძოლა

მარკო ვან გინკელის კარიერაში 32-თვიანი კოშმარი დასრულდა, 28 წლის ფეხბურთელი მინდორს პსვ-ს მაისურით ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-16 ტურის შეხვედრაში დაუბრუნდა, მთავარმა მწვრთნელმა როჯერ შმიდტმა ნახევარმცველი თამაშში 87-ე წუთზე ჩართო.

მან მუხლის იოგი 2018 წელს გაიწყვიტა, თუმცა ტრავმა განსაკუთრებული სიმძიმის აღმოჩნდა, რის გამოც ექვს დღეში სამი ოპერაცია ჩაუტარდა. საბოლოო ჯამში მისი უთამაშებლობის პერიოდი 32 თვე გაგრძელდა, რაც ფსიქოლოგიური კუთხით ურთულესი გადასატანია. 2019 წელს ფეხბურთელი მედიასთან საუბარში აღიარებდა, რომ დეპრესიაში იყო და მენტალური ბრძოლის გადატანა უჭირდა.

''ალკმაართან'' მატჩის შემდეგ ვან გინკელმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა:''32-თვიანი უთამაშებლობა ემოციურად და მენტალურად რთული გადასატანი იყო. პოზიტიური მომენტებიც მქონდა, თუმცა ნეგატივი გაცილებით მეტი იყო. დაბრუნებით ბედნიერი ვარ, მაგრამ ''ალკმაართან'' დავმარცხდით და იმედგაცრუებული ვარ''.

მარკო ვან გინკელი ლონდონის ''ჩელსის'' 2013 წელს შეუერთდა. ''არისტოკრატებმა'' ფეხბურთელის სანაცვლოდ არნემის ''ვიტეს'' 8 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადეს, თუმცა მან ინგლისურ კლუბში ადგილი ვერ დაიმკვიდრა, იჯარის წესით ''მილანსა'' და ''სტოკ სიტიში'' ითამაშა. ამჯერად, პსვ-შია განათხოვრებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები