Aa
Aa

30-ე სამმაგი დუბლი - ბენ სიმონსი ლეგენდებს გაუთანაბრდა

„ფილადელფია სევენთი სიქსერსის“ სუპერვარსკვლავმა, ბენ სიმონსმა ისტორიულ შედეგს მიაღწია და ელიტარულ კომპანიაში გაერია. 24 წლის კალათბურთელმა „მაიამი ჰიტის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში კარიერაში 30-ე სამმაგი დუბლი მიითვალა და 10 ქულა, ამდენივე მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

სიმონსი NBA-ის ისტორიაში მეოთხე კალათბურთელი გახდა, რომელმაც 30 ტრიპლ-დაბლი 25 წლის შესრულებამდე გააკეთა. იგი ოსკარ რობერტსონს, მეჯიქ ჯონსონსა და ნიკოლა იოკიჩს შეუერთდა. გარდა ამისა, ბენს 30 სამმაგი დუბლის გასაფორმებლად 228 შეხვედრა დასჭირდა და ამ მხრივ, მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ 2 კალათბურთელს აქვს.

სიმონსის გუნდმა გასული სეზონის ფინალისტი 125-108 დაამარცხა. „ფილადელფიას“ რიგებში საუკეთესო შეიკ მილტონი იყო, რომელმაც 31 ქულა დააგროვა. ტობაიას ჰერისი 18 ქულას დასჯერდა. ტაირის მექსი 15 ქულით გამოირჩა, ხოლო გრინმა და ჯომ 12-12 ქულა დააგროვეს.

ცნობისთვის, „ფილადელფიას“ ანგარიშზე 9 მოგება და 4 მარცხია. „სევენთი სიქსერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება და მომდევნო შეხვედრა 17 იანვარს, „მემფის გრიზლისის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები