მონადირე ძაღლი, ცუდი მასწავლებელი და სანაძლეო - ლევანდოვსკიმ კლოპზე ისაუბრა
Aa
Aa

მონადირე ძაღლი, ცუდი მასწავლებელი და სანაძლეო - ლევანდოვსკიმ კლოპზე ისაუბრა

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ Players’ Tribune-ში წერილი გამოაქვეყნა და საკუთარ კარიერაზე ისაუბრა. პოლონელმა თავდამსხმელმა განსაკუთრებული ყურადღება იურგენ კლოპზე გაამახვილა და ყოფილი თავკაცის მისამართით დადებითი სიტყვები არ დაიშურა.

„მახსოვს, 2010 წელი იდგა და დორტმუნდში ახალი გადასული ვიყავი. რთული პერიოდი მქონდა და გერმანულად მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვიცოდი. კლოპის ვარჯიშები კი ძალიან ინტენსიური გახლდათ.

მთელი სულითა და გულით მინდოდა, ჩემი კვალი დამეტოვებინა და თან იურგენს ჩემი გამოწვევა სურდა. ამიტომ, სანაძლეო დავდეთ. თუ ვარჯიშისას 10 გოლს გავიტანდი, ის 50 ევროს მომცემდა. თუ ვერ გავიტანდი - 50 ევრო მე უნდა მიმეცა. საწყისი კვირების განმავლობაში ყოველთვის იურგენი იმარჯვებდა და თან იცინოდა. რამდენიმე თვის შემდეგ, ვითარება შეიცვალა და 50 ევროს მოცემა მას უწევდა, ერთ დღეს კი მოვიდა და მითხრა: „მორჩა! საკმარისია! მზად ხარ“!

რეალურად მზად არ ვიყავი, რადგან მატჩები ვარჯიშებისგან ძალიან განსხვავდებოდა, მაგრამ ბევრი რამ ვისწავლე. პრობლემები მეორე სეზონშიც მქონდა და ვგრძნობდი, რომ კლოპი ჩემგან რაღაცას ითხოვდა, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა კონკრეტულად რა უნდოდა. ჩემპიონთა ლიგაზე მარსელთან განცდილი მარცხის შემდეგ, მასთან მივედი და ვუთხარი: „იურგენ, სალაპარაკო გვაქვს. უბრალოდ მითხარი ჩემგან რას ელოდები“.

მის მიერ ნათქვამი ყველა სიტყვა არ მახსოვს, რადგან მაშინ გერმანულს კარგად არ ვფლობდი, მაგრამ რამდენიმე სიტყვა და მისი სხეულის ენა საკმარისი აღმოჩნდა, რათა მივმხვდარიყავი, რომ ერთმანეთს გავუგეთ. სამი დღის შემდეგ, ჰეთ-თრიქი შევასრულე და ეს ჩემთვის გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა. მაშინ ვერ გავითავისე, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს საუბარი ჰგავდა იმ დიალოგს, რომელიც მინდოდა, რომ მამაჩემთან მქონოდა. იურგენთან ნებისმიერ თემაზე შემეძლო საუბარი და მას ბოლომდე ვენდობოდი. იგი ოჯახის კაცია და სხვა ადამიანების პირად ცხოვრებაში განვითარებულ მოვლენებს ყოველთვის გაგებით ეკიდება.

კლოპი ჩემთვის მხოლოდ მამა არ იყო. როგორც მწვრთნელი, ის ცუდ მასწავლებელს ჰგავდა, ოღონდ ამას კარგი გაგებით ვამბობ. მოდით, აგიხსნით, რას ვგულისხმობ. სკოლის პერიოდი გაიხსენეთ. რომელი მასწავლებელი დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად? ვიცი, რომ ის არა, რომელმაც ცხოვრება გაგიადვილათ და თქვენგან აბსოლუტურად არაფერს ელოდებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ის ცუდი მასწავლებელი დაგამახსოვრდათ, რომელიც თქვენთან მიმართებით მკაცრი იყო, თქვენგან მაქსიმუმს მოითხოვდა და ყველაფერს აკეთებდა, რათა თქვენი თავი საუკეთესოდ წარმოგეჩინათ. იურგენი სწორედ ამ მასწავლებელს ჰგავს. იგი არ კმაყოფილდებოდა B დონის სტუნდეტებით, მას სურდა A+ სტუდენტი ყოფილიყავი და ეს არა საკუთარი თავისთვის, არამედ შენთვის უნდოდა.

კლოპს არასდროს ავიწყდებოდა, რომ პირველი რიგში ადამიანები ვართ და შემდეგ - ფეხბურთელები. მახსოვს, ერთხელ უქმე უიკენდის შემდეგ გასახდელში ვისხედით... ხომ იცით, რომ არსებობს ასეთი ხრიკი - როცა ფეხბურთელი დალევს, მეორე დილით ბევრ ნიორს ჭამს, რათა ალკოჰოლის სუნი არ იგრძნობოდეს. იურგენი გასახდელში შემოვიდა და მონადირე ძაღლივით ყნოსვა დაიწყო, ბოლოს კი თქვა: „რაღაცას ვგრძნობ... ეს ნიორია“? რა თქმა უნდა, ზუსტად იცოდა რისი სუნი იყო და ჩვენც ვიცოდით, რომ ყველაფერს კარგად ხვდებოდა, მაგრამ უბრალოდ იკითხა და ისე წავიდა არაფერი უთქვამს. ერთმანეთს გადავხედეთ და სიცილი დავიწყეთ. ეს გაკვეთილი იყო - არასდროს სცადო იურგენ კლოპის გასულელება, ეს კაცი ზედმეტად ჭკვიანია“.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკიმ „დორტმუნდში“ 187 შეხვედრა ჩაატარა და „შავ-ყვითლების“ მაისურით 103 გოლი და 42 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები