''იდეალური შესაძლებლობაა მისი უნარების შესაფასებლად'' - ტკოჩის გუგეშაშვილის ეიმედება
Aa
Aa

''იდეალური შესაძლებლობაა მისი უნარების შესაფასებლად'' - ტკოჩის გუგეშაშვილის ეიმედება

პოლონურ ''იაგიელონიას'' ქართველი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი დაუბრუნდა, რომელმაც 2020 წლის სეზონი გორის ''დილაში'' გაატარა. 21 წლის მეკარე ექსტრაკლასას გუნდს თურქულ შეკრებაზე ბელეკში შეუერთდა და პირველ გუნდთან ერთად მოემზადება.

გუგეშაშვილის შესახებ ''იაგიელონიას'' მეკარეების მწვრთნელის იაროსლავ ტკოჩის კომენტარი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 47 წლის სპეციალისტი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ქართველმა ფეხბურთელმა პროგრესი აჩვენა.

იაროსლავ ტკოჩი: ''ლუკა ჩვენი ფეხბურთელია და გვსურს სავარჯიშო პროცესში დავინახოთ ის პროგრესი, რაც გასულ წელს გორის ''დილაში'' ყოფნისას აჩვენა. მან გასულ წელს წარმატებულად იასპარეზა. მიმდინარე შეკრება იდეალური შესაძლებლობა იქნება მისი საფეხბურთო უნარების შესაფასებლად''.

იაროსლავ ტკოჩი გამოცდილი სპეციალისტია, 2013 წლიდან ამავე პოზიციაზე პოლონეთის ეროვნულ ნაკრებში მუშაობს.

რაც შეეხება ლუკა გუგეშაშვილს, 2016 წელს 16 წლის ასაკში თბილისის ''დინამოდან'' ''იაგიელონიაში'' გადავიდა, თუმცა პირველ გუნდში არ უთამაშია და ხშირად ანათხოვრებდნენ. 2020 წელი გორის ''დილაში'' გაატარა, სადაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. 2016 წელს მასთან ერთად პოლონურ კლუბს ლუკა ასათიანი შეუერთდა, თუმცა მან კლუბში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და გასული წლიდან მოყოლებული წყალტუბოს ''სამგურალის'' მოთამაშეა.

მასალაში გამოყენებულია jagiellonia.pl-ს ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები