ინტერმა ქულები დაკარგა - მილანს 3 ქულიანი უპირატესობა აქვს
Aa
Aa

ინტერმა ქულები დაკარგა - მილანს 3 ქულიანი უპირატესობა აქვს

იტალიის სერია ა-ს მე-17 ტურში ანტონიო კონტეს "ინტერი" "რომას ესტუმრა". შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა და "ნერაძურიმ" ძალზედ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. "შავ-ლურჯები" ახლა გათამაშების ლიდერს "მილანს" 3 ქულით ჩამორჩებიან.

მატჩი საკმაოდ დრამატულად წარიმართა. პირველ ტაიმში ორმხრივი შეტევები ვიხილეთ. რომაელებმა კარისკენ 4-ჯერ დაარტყეს და ოთხივე ზუსტი აღმოჩნდა. პელეგრინიმ ანგარიში მე-17 წუთზე გახსნა და ტაიმი ასეც დასრულდა. "ინტერი" უტევდა, კარისკენ 7-ჯერ დაარტყა, მაგრამ პაუ ლოპესი საქმეში მხოლოდ ორჯერ ჩაერთო. 

მეორე ტაიმში კონტეს ბიჭები გააქტიურდნენ და მოკლე მონაკვეთში ორი გოლის გატანა მოახერხეს. 56-ე წუთზე თავი შკრინიაერმა გამოიჩინა, რასაც 63-ე წუთზე ჰაკიმმა უპასუხა და "ნერაძური" წინ გავიდა 2:1. მასპინძლები ამ ანგარიშს არ ეგუებოდნენ და ბევრს უტევდნენ. ჯამში რომაელებმა მეორე ნახევარში ჰანდანივოჩის მიმართულებით 10-ჯერ დაარტყეს, ზუსტი კი 4 აღმოჩნდა. მატჩის მიწურულს, 86-ე წუთზე 24 წლის ჯანლუკა მანსინიმ წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში 2:2 დააფიქსირა.

ეს შედეგი არცერთ გუნდს არ აძლევდა ხელს, რადგან "ინტერის" მსგავსად სკუდეტოსთვის "რომაც" იბრძვის. "ჯალაროსი" 17 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 34 ქულით მესამე ადგილს იკავებს და ბუნებრივია გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა. ამ შედეგით კი ყველაზე მეტად მილანმა ნახა სარგებელი. როგორც უკვე მოგახსენეთ, "როსონერი" ახლა უახლოეს მდევარს 3 ქულით უსწრებს.

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ მომდევნო ტურში "ინტერი" "იუვენტუსს" მასპინძლობს და გადაჭრით ვერავინ იტყვის, რომ კონტეს გუნდი წარმატებას მიაღწევს. არის შანსი, რომ ლიდერთან ქულათა სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდოს. თავისმხრივ, "მილანი" შემდეგ მატჩს სტუმრად "კალიარის" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები