ლამპარდი:
Aa
Aa

ლამპარდი: "ჩემი საფეხბურთო კარიერა გათავისუფლებისგან არ მიცავს"

ლონდონის "ჩელსის" პრობლემები აქვს. "არისტოკრატები" სასურველი ფორმისგან შორს არიან და ეს მათ შედეგებზეც აისახა. ლამპარდის გუნდი პრემიერ ლიგაში 17 ტურის შემდეგ 26 ქულით მე-9 ადგილზეა. ინგლისში კი ფრენკის გათავისუფლებაზე ალაპარაკდნენ. თავად ინგლისელმა სპეციალისტმა ბრიტანულ მედიასთან მის შესაძლო გათავისუფლებაზე ისაუბრა.

"ახლა მხოლოდ ჩემს სამუშაოზე მინდა კონცენტრირება. არ მაინტერესებს რა იყო წარსულში. ჩემი განვლილი საფეხბურთო კარიერა გათავისუფლებისგან არ მიცავს.

1 თვის წინ ყველაფერი ვარდისფრად ჩანდა. ახლა კი კლუბში ნეგატიური სიტუაციაა. მინდა, რომ შიდა სამზარეულო ვაკონტროლო და რაც გარეთ ხდება იმაზე პასუხს ვერ ვაგებ. ვფიქრობ, გუნდის გარეთ მომხდარ ფაქტებზე ნერვიულობა უბრალო დროის კარგვაა.

მწვრთნელად დანიშვნის მომენტში კლუბისგან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობდი. იგივე იგრძნობოდა იმ დროს, როდესაც ფეხბურთელი ვიყავი და ამისთვის მადლობელი ვარ. კარგად ვიცი რა არის ფეხბურთი და ისიც მესმის, თუ როგორი მოლოდინები აქვთ გულშემატკივრებს.

ერთადერთი იმას გეტყვით, რომ შემიძლია მაქსიმალურად გულწრფელი ვიყო და ისე შევაფასო სიტუაცია. მე არ მაქვს არანაირი პრივილეგია, რაც ამ მომენტში გამამართლებს.

მესმის, რომ გუნდში ბევრი სამუშაოა. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა გასულ წელს რთული სეზონი გამოიარეს. ახალი ფეხბურთელები გვყავს, რომელთაც დიდი გამოწვევები აქვთ.

ჩემი გათავისუფლება, რა თქმა უნდა, აბრამოვიჩის პრეროგატივაა, მაგრამ მე მისი მადლიერი ყოველთვის ვიქნები. როდესაც "ჩელსიში" ფეხბურთის სათამაშოდ გადმოვედი აბრამოვიჩმა კლუბი შეისყიდა და გარკვეულწილად ჩემი კარგი კარიერა მისი დამსახურებაა. ვინ იცის სად ვიქნებოდი ახლა რომ არა აბრამოვიჩი.

ჩემი ცხოვრება შეიცვალა და ამას ვაცნობიერებ. გასულ სეზონში გუნდი იმის ფონზე, რომ ტრანსფერებში შეზღუდულები ვიყავით მე-4 ადგილზე გავიყვანე, რაც უდიდესი პოზიტივია." - განაცხადა ლამპარდმა

როგორც უკვე მოგახსენეთ, "ჩელსი" პრემიერ ლიგაში არ ბრწყინავს. "არისტოკრატებს" სულ მალე ჩემპიონთა ლიგაზე ელით დიდი გამოცდა. ფრენკის ბიჭები დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოს" შეხვდებიან. რაც შეეხება ინგლისის ყველაზე პრესტიჟულ ჩემპიონატს, ლონდონელები მომავალ მატჩს 15 იანვარს "ფულემის" წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები