ოდრიოსოლა უკმაყოფილოა - ესპანელს რეალის დატოვება სურს
Aa
Aa

ოდრიოსოლა უკმაყოფილოა - ესპანელს რეალის დატოვება სურს

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა მარჯვენა მცველი ალვარო ოდრიოსოლა მისი ამჟამინდელი მდგომარეობით უკმაყოფილოა და კლუბის დატოვებაზე ფიქრობს. ინფორმაციას ესპანური გამოცემა MARCA ავრცელებს.

ესპანელმა მიმდინარე სეზონში მინდორზე მხოლოდ 57 წუთი დაჰყო. ალვარომ "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ ითამაშა. ის მატჩი კი "სამეფო კლუბმა" 1:0 მოიგო. ამის შემდეგ "ოდრი" მინდორზე აღარ გამოჩენილა.

ახალი არ არის, რომ ძირითადი შემადგენლობის მცველი დანი კარვახალია, თუმცა მას ხშირად აწუხებს ტრავმები და ხსენებული პოზიცია ვაკანტურია ხოლმე, მაგრამ კარვახალის ადგილს ხან ლუკას ვასკესი იკავებს, ხან კი ნაჩო ფერნანდესი. ზიდანი ამ საქციელით ნათლად ავლენს ალვაროს მიმართ უნდობლობას.

მადრიდელებმა 25 წლის ფეხბურთელი 2020 წლის იანვარში "ბაიერნში" გაანათხოვრეს, თუმცა ალვარომ თავი ვერც გერმანიაში გამოიჩინა. ოდრიოსოლამ "რეკორდმაისტერის" მაისური სულ 5-ჯერ მოირგო და ჯამში მინდორზე 179 წუთი გაატარა.

MARCA-ს ინფორმაციით კი ლოგიკურად ესპანელს ეს ყველაფერი არ მოსწონს და სხვა გუნდში სურს გადაბარგება. შეგახსენებთ, რომ ალვარო ოდრიოსოლა "სამეფო კლუბს" 2018 წელს შეუერთდა. "რეალმა" მასში 25 მილიონი ევრო გადაიხადა. "ოდრიმ" "ბლანკოსის" მაისური 28-ჯერ მოირგო და 1 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები