ბათუმის სტადიონზე ხელოვნური მზე დამონტაჟდება - შესყიდვის ღირებულება მილიონ 640 000 ლარია
Aa
Aa

ბათუმის სტადიონზე ხელოვნური მზე დამონტაჟდება - შესყიდვის ღირებულება მილიონ 640 000 ლარია

აჭარის პროექტების მართვის კომპანია ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის ე.წ. ხელოვნური მზის შეძენას გეგმავს. საფეხბურთო სტადიონისთვის აღნიშნული ტიპის განათება ბუნებრივი ბალახის ზრდისთვის აუცილებელია. შესყიდვის ღირებულება მილიონ 640 000 ლარს შეადგენს. სახელმწიფო შესყიდვაში წინადადებების მიღება 3 თებერვალს დაიწყება. წინადადებების მიღების მაქსიმალური ვადა 8 თებერვალია.

როგორც Bm.ge იუწყება, დოკუმენტაციის მიხედვით, საქონლის მიწოდება-მონტაჟი უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარული დღის ვადაში. პრეტენდენტს 2017 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს დღგ-ს ჩათვლით არანაკლებ 1 500 000 ლარის ელექტრო სანათების მიწოდების გამოცდილება.

შეგახსენებთ, რომ UEFA-ს IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონი გასული წლის ოქტომბერში გაიხსნა. ბათუმის სტადიონის მშენებლობას 2018 წლის 21 იანვარს ჩაეყარა საფუძველი. სამშენებლო სამუშაოები შპს „ანაგმა“ შეასრულა. სტადიონის მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან, დაახლოებით 141 მლნ ლარით დაფინანსდა.

ბათუმის ახალ სტადიონზე პირველი მატჩი გასული წლის 21 ნოემბერს ჩატარდა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ბათუმის ‘‘დინამომ’’ გორის ‘‘დილა’’ გიორგი ნიქაბაძის ერთადერთი გოლით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალი ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები